Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის საელჩო 11 სექტემბრის ტერაქტზე: იმ თავდასხმის 20 წლისთავია, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ შეცვალა


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ დღეს არის იმ თავდასხმების 20 წლისთავი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატები სამუდამოდ შეცვალა. საელჩოს თანახმად, 2001 წლის 11 სექტემბრის კადრებმა წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკების აღმოფხვრით, მსგავსი თავდასხმები აღარასოდეს მომხდარიყო.

„ჩვენ სამუდამოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების, რომლებიც ავღანეთში გვერდში დაგვიდგნენ სამხედრო, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მისიებში, კონკრეტულად კი - საქართველოსი, რომელმაც 20,000-ზე მეტი სამხედრო ჩართო ოპერაციებში და განსაკუთრებული როლი ითამაშა საევაკუაციო ფრენების მხარდაჭერაში.

როგორც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა პატივი მივაგოთ 2,977 უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის ხსოვნას, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმებს შეეწირა“, - აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ-ყაიდის“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავებით თავდასხმები განახორციელეს ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებსა და ვაშინგტონთან მდებარე პენტაგონის შენობაზე. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმების შემდეგ, აშშ-მა „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ერაყსა და ავღანეთში. „ალ-ყაიდის“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ამერიკელმა სპეცრაზმელებმა 2011 წლის მაისში, პაკისტანში მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG