Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამორძალები: ლეგენდა, ისტორია და ზემოავჭალის სამარის იდუმალი ამბავი


სალომე ასათიანის პოდკასტი

„ასათიანის კუთხეში“ ალბათ არც ერთი ეპიზოდი არ დამიბინავებია ისეთი სიხარულით და მღელვარებით, როგორითაც ეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ეპიზოდი ჩემთვის ბავშვობიდან ამაღელვებელ თემას ეხება - ამორძალებს, შეუპოვარ, ძლიერ, ცხენებზე ამხედრებულ მეომარ ქალებს, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ანტიკური პერიოდის იმპერიებს. მაგრამ, კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ ამ ეპიზოდში ერთ გასაოცარ ამბავს მოგიყვებით. თბილისში, 1920-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ამბავს, რომელიც კიდევ ერთხელ, და განსაკუთრებული ინტენსივობით წარმოაჩენს საქართველოს, და ზოგადად კავკასიის კავშირს ამორძალების მითოლოგიურ სახეებთან.

ამორძალებს ანტიკური საბერძნეთის კულტურიდან ვიცნობთ - მათი მითებიდან, ხელოვნებიდან, ძეგლებიდან. ძველი ბერძნებისთვის ისინი იყვნენ მითიური, დაუძინებელი მტრები, ქალები, რომლებიც ეგზოტიკური აღმოსავლეთის მიწებზე ცხოვრობდნენ და იყვნენ ისეთივე ძლიერები და შეუპოვრები, როგორც დიადი ბერძენი კაცი გმირები. მეომარი დედოფლების და მათი ქალთა არმიების დამარცხება ინიციაციის საფეხურივით იყო ჰერაკლესთვის, თესევსისთვის, აქილევსისთვის; იასონმა და არგონავტებმა ამორძალების ნაპირებს ჩაუარეს და ძლივს აიცილეს თავიდან მათი სასიკვდილო ისრები. ამორძალები მნიშვნელოვანი პერსონაჟები იყვნენ არა მხოლოდ ლეგენდარულ ტროას ომში, არამედ დიდი ბერძნული ქალაქი-სახელმწიფოს, ათენის ქრონიკებშიც. ამორძალთა ბრძოლების სცენები ამშვენებდა ათენის აკროპოლისის პართენონს, ჰერაკლეს შემდეგ ისინი ყველაზე პოპულარული სახეები იყვნენ ბერძნული ლარნაკების მოხატულობისთვის. პატარა გოგოები ამორძალი თოჯინებით თამაშობდნენ - ლუვრში ინახება ბავშვების საფლავებიდან ამოღებული ამორძალი თოჯინები, რომლებიდან ზოგიერთს ხელ-ფეხი უმოძრავებს და, თანამედროვე „ბარბის“ მსგავსად, მათი სხვადასხვა სამოსში გამოწყობაა შესაძლებელი.

მაგრამ ამორძალებზე მხოლოდ ბერძნები არ წერდნენ - როგორც დიდხანს ითვლებოდა, ასე ვთქვათ ელინოცენტრისტული მოსაზრებებით. ბერძნული ამორძალების მსგავსი ქალები გვხვდებიან ძველი ეგვიპტის, სპარსეთის, ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის, ინდოეთის, ჩინეთის ტრადიციებშიც - ზეპირსიტყვიერშიც და დაწერილშიც. როგორც პოდკასტში მოისმენთ, ამორძალების შესახებ ბერძნულ-რომაული და სხვა კულტურების მითების, თუ თქმულებების შედარებისას, ბევრი საინტერესო სიუჟეტური, თუ დრამატურგიული განსხვავება გვხვდება. ამასთან, მეომარი ქალები ძალიან მნიშვნელოვანი არიან კავკასიის ტრადიციებისთვისაც, მეტიც - ერთ-ერთი ენათმეცნიერული ვარაუდით, საკუთრივ ბერძნული სიტყვა „ამაზონიც“, უფრო ზუსტად „ამაზონეს“ შესაძლოა მომდინარეობდეს კავკასიურ ნართების საგაში შემხვედრი გმირი მეომარი დედოფლის - ამეზანის - სახელიდან.

ბერძენი ავტორები ეჭვქვეშ არ აყენებდნენ იმ ამბავს, რომ ეს ცხენებზე ამხედრებული, მამაცი მშვილდოსანი ქალები რეალურად არსებობდნენ, და ამორძალების სამშობლოდ ასახელებდნენ სკვითიას - შავი ზღვიდან შუა აზიის სტეპებამდე გადაჭიმულ, უზარმაზარ ტერიტორიას, სადაც სახლობდნენ მომთაბარე, მებრძოლი, მონადირე და მრავალფეროვანი ტომები, ბერძნებისთვის ერთი გამაერთიანებელი სახელწოდებით, „სკვითები“. მაგრამ შედარებით გვიანდელი ეპოქების მკვლევრებმა ამორძალები ბერძნების წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნიეს - ციკლოპების და კენტავრების მსგავს ფანტასტიკურ ქმნილებებად. ეს ასე იყო ბოლო დრომდე, სანამ არქეოლოგების, ისტორიკოსების და ფოლკლორისტების კვლევები ვითარებას რადიკალურად შეცვლიდა და უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება გაჩნდებოდა იმის სათქმელად, რომ ამორძალების მითოლოგიური სახეები გარკვეულწილად ისტორიული რეალობით იყო ნასაზრდოები.

ამის თქმის საფუძველს მკვლევრებს აძლევს ბულგარეთიდან მონღოლეთამდე, ევრაზიის სტეპებში - ძველი სკვითიის ადგილებში - გათხრილი 1000-ზე მეტი სამარხი თუ ყორღანი, რომლებშიც, როგორც დღეს უკვე იციან, საბრძოლო იარაღთან ერთად დამარხული ასობით ჩონჩხი ქალისაა. ესაა დაახლოებით 10-დან 45 წლამდე ასაკის ქალები, რომელთა ძვლებს ბრძოლაში მიღებული ჭრილობების კვალი ეტყობა - ხმლებით გადასერილი ნეკნები, საბრძოლო ცულებით დაზიანებული თავის ქალები, ძვლებში ჩარჩენილი ისრები.

მეცნიერები კვლევას ახლაც აგრძელებენ და სამარხებში ნაპოვნი ქალი მეომრების ჩონჩხების რიცხვიც იზრდება. ხოლო ამორძალის მსგავსი ქალი მეომრების სამარხებს შორის ჯერჯერობით უძველესად მიჩნეული სამარე - და აი ზუსტად აქ მივადექი იმ გასაოცარ ამბავს, რომლის „ასათიანის კუთხეში“ მოყოლასაც დიდი ხანია მღელვარებით ველოდები - თბილისში, ზემო ავჭალაში, 1927 წელს არის აღმოჩენილი და, მკვლევრების ვარაუდით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 900 წლის წინანდელი, შესაძლოა 1000 წლის წინანდელიც კია.

საიმისოდ, რომ ფემინისტური ელფერის მქონე პატრიოტული მითებით აღტკინებული, რომანტიკული ქმნილება არ გეგონოთ, ძალიან მინდა ვთქვა, რომ არქეოლოგ გიორგი ნიორაძის მიერ აღმოჩენილი ეს სამარხი ამორძალის მსგავსი მეომარი ქალის ერთ-ერთ უძველეს სამარედ ითვლება - და ხაზი გავუსვა სიტყვა ერთ-ერთს. მაგრამ, როგორც „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში მოისმენთ, საუბარი მართლაც ყველაზე ძველ სამარხზეა ჯერჯერობით აღმოჩენილებს შორის. არადა, რაღაც იდუმალი მექანიზმებით, ამ ქალის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მისი თავის ქალა - მისსავე სამარეში აღმოჩენილ მახვილთან, ცხენის ძვლებთან და სამკაულებთან ერთად - ეროვნული მუზეუმის საცავში, მუყაოს ყავისფერ ყუთშია შენახული. ჩვენმა რადიომ ამ თემაზე ვიდეოსიუჟეტიც მოამზადა - და ამ სიუჟეტში ყველაფერს თავად ნახავთ.

ედრიენ მეიორი
ედრიენ მეიორი

ეს ამბავი მე შემთხვევით გავიგე, სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე ისტორიკოსის, ფოლკლორისტის და უძველესი მეცნიერებების მკვლევრის, ედრიენ მეიორის 2014 წელს დაბეჭდილი წიგნიდან „ამორძალები: უძველესი სამყაროს მეომარი ქალების ცხოვრება და ლეგენდები“ – რომელიც ბოლო პერიოდში ისტორიის სფეროში გამოქვეყნებულ წიგნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საგულისხმო გამოკვლევად ითვლება და რამდენიმე პრემიაც აქვს მიღებული. „1927 წელს არაორდინარული აღმოჩენა გააკეთეს სამხრეთ კავკასიაში, უძველეს კოლხეთში (ამჟამინდელი საქართველო) - მიწაზე, რომელიც ანტიკურ დროს მჭიდროდ იყო ასოცირებული ამორძალებთან. ვვარაუდობთ, რომ თბილისთან, ზემო ავჭალაში ჩვენთვის ცნობილი უძველესი „ამორძალის“ საფლავი მდებარეობდა. ... მებრძოლი, რომლის სიმაღლეც 153 სანტიმეტრამდე იყო, 30-40 წლის ასაკში მოკვდა. ის მჯდომარე პოზაში იყო დასაფლავებული, მუხლებზე ბრინჯაოს მახვილი ედო, ფეხებთან - რკინის დანა და შუბი. იქვე იყო მისი ცხენის ყბის ძვალი. ... მას თან ჰქონდა ბეჭდები და თიხის ორი ჯამი, ეკეთა წითელი და თეთრი იასპის და აქატის ყელსაბამი კუთხოვანი გულსაკიდით“ - წერს ედრიენ მეიორი თავის წიგნში.

ედრიენ მეიორი „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია და

სალომე ასათიანი და ზემოავჭალელი მეომარი ქალის თავის ქალა, ეროვნული მუზეუმის საცავი, 15 ოქტომბერი, 2021
სალომე ასათიანი და ზემოავჭალელი მეომარი ქალის თავის ქალა, ეროვნული მუზეუმის საცავი, 15 ოქტომბერი, 2021

თავად გვიყვება ზემოავჭალის სამარის მნიშვნელობის შესახებ. ის გვიყვება სკვითიის მომთაბარე ტომების ეგალიტარულ საბრძოლო კულტურაზე, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ კაცებიც და ქალებიც - რაც ასე შთააგონებდა და მონუსხავდა ძველ ბერძენ ავტორებს და რამაც, მკვლევრების ვარაუდით, შეუქმნა კიდეც ისტორიული საფუძველი ამორძალების მითოლოგიურ სახეებს. ედრიენ მეიორი გვეტყვის, მაინც რა უდევს საფუძვლად ამორძალებთან დაკავშირებულ, სისხლიან და სასტიკ ასოციაციებს - რომ ისინი ცალ ძუძუს მოიკვეთავდნენ ხოლმე, ხოცავდნენ ან ასახიჩრებდნენ ბიჭებს, სძულდათ კაცები. ძველ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, ის მოგვიყვება მომთაბარე თემების და მათი ქალების სექსუალობაზე, მათ რიტუალებზე, დღესასწაულებზე, თრობაზე, მომთაბარეთა შესაძლო კავშირზე რკინის იარაღის და შარვლების გამოგონებასთან.

ეპიზოდში წავიკითხავთ ნაწყვეტებს არქეოლოგ გიორგი ნიორაძის 1931 წელს გამოქვეყნებული გამოკვლევიდან - „ზემოავჭალის სამარის თავის ქალა დედაკაცის არის“, წერს ის. დასკვნით ნაწილში კი შეხვდებით არქეოლოგ იულონ გაგოშიძეს და ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს, რომლებიც ამორძალების მითიურ სახეებთან, თუ რეალურ მეომარ ქალებთან საქართველოს კავშირზე კიდევ სხვა საგულისხმო ამბებს მოგვიყვებიან.

ზემო ავჭალის ქალი - მსოფლიოს უძველესი ამორძალი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:40 0:00
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG