Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 წლის მოზარდს 8 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდება არ დაუდასტურდა


16 წლის მოზარდს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა, ბრალდება არ დაუდასტურდა. ყოფილი ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი იცავდა.

როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ დაზარალებულს დაზიანებები არ ჰქონდა და გაუპატიურებული არ ყოფილა, ამიტომ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე კიდევ ერთი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"ექსპერტიზის დასკვნით, 8 წლის არასრულწლოვანს, რომლის გაუპატიურებაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალად ედებოდა, არანაირი დაზიანება არ დაუდასტურდა. ამის გარდა, ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზაც და ამ საფუძვლით, მოზარდი სამკურნალოდაა გადაყვანილი. ბრალდების მხარის ინიციატივით, მის მიმართ დევნა შეწყდა და დადასტურდა, რომ ის უდანაშაულოა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით, მოზარდი სამკურნალო დაწესებულებაში, 10 თვის განმავლობაში დარჩება.

რადიო თავისუფლება 8 წლის ბიჭის ოჯახსაც დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ ამ საქმეზე არანაირი პრეტენზია აღარ აქვთ.

16 წლის მოზარდს, რომელიც ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პირია, 8 წლის მოზარდის გაუპატიურებას, ორ ეპიზოდად ედავებოდნენ.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ შემთხვევა 2021 წლის მაისში, კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. მაშინ 8 წლის ბიჭის დედა მედიასთან განმარტავდა, რომ ძალადობას თავადვე შეესწრო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობდა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოზარდს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG