Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრია ჯაღმაიძე ტელეარხებს მიმართავს, საპატრიარქოს გადასცენ ფარული ჩანაწერების ფაილები


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ეკლესიის შესახებ გავრცელებულ ე.წ. სუსის ფაილებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ის ტელეარხებს მასალების გადაცემისკენ მოუწოდებს.

„სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ.

სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროვების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.

საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.

პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროვება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა", - წერს დეკანოზი.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

ფაილების ავთენტურობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის. ამ თემაზე კომენტარი არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაუკეთებია. ოფიციალური გამოხმაურება არც საპატრიარქოს გაუვრცელებია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ჩანაწერების გავრცელება ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG