Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: თალიბთა ლიდერებს შორის კონფლიქტია


მოლა ბარადარი(ცენტრში)
მოლა ბარადარი(ცენტრში)

რადიკალური მოძრაობა თალიბანის ხელმძღვანელებს შორის სერიოზული კონფლიქტია. ამის შესახებ BBC-ს აცნობეს ინფორმირებულმა წყაროებმა, მათ შორის მოძრაობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

წყაროთა თანახმად, გასულ კვირაში, ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ თათბირზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი აბდულ ღანი ბარადარი და დევნილთა საქმეების მინისტრი ხალილ რაჰმან ჰაკანი და მათი მომხრეები. კონფლიქტის საბაბი იყო ავღანეთის ახალი მთავრობის სტრუქტურით ბარადარის უკმაყოფილება, თუმცა, რეალურ მიზეზად სახელდება დავა იმის შესახებ, თუ ვინ არის თალიბთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი. ბარადარი მიიჩნევს, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნება მათი დამსახურებაა, ვინც მოლაპარაკებებსა და დიპლომატიაში იყო ჩართული, „ჰაკანის ჯგუფი“ კი აცხადებს, რომ ყველაფერი სამხედრო წარმატებამ გადაწყვიტა.

თალიბებს შორის კონფლიქტის შესახებ პირველი ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ კვირაში ბარადარმა მოულოდნელად შეწყვიტა საჯაროდ გამოჩენა. სოციალურ ქსელებში მისი გარდაცვალების ვერსიაც კი გაჩნდა. BBC-ს წყაროების ინფორმაციით, კონფლიქტის შემდეგ ბარადარმა ქაბული დატოვა და ყანდაარში გაემგზავრა. ორშაბათს, თალიბებთან დაკავშირებული საიტებით გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, ბარადარი ამბობს, რომ მივლინებაშია და ყველაფერი კარგადაა. ჩანაწერის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

მოძრაობა თალიბანი დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა, მოლა ბარადარის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებს ავრცელებს. თალიბთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯერ განაცხადა, რომ ბარადარი ყანდაარში გაემგზავრა მოძრაობის უმაღლეს ლიდერთან შესახვედრად, თუმცა, შემდეგ BBC-ს უთხრა, რომ ბარადარი დაღლილია და დასვენება სჭირდება.

ავღანელებს აქვთ საფუძველი არ ენდონ თალიბთა განცხადებებს მათი ლიდერების შესახებ. 2015 წელს, რადიკალურმა მოძრაობამ აღიარა, რომ ორ წელზე მეტხანს მალავდა თალიბანის დამაარსებლის და ლიდერის, მოლა ომარის სიკვდილის ფაქტს. მთელი ამ ხნის განავლობაში მისი სახელით განცხადებები რეგულარულად ვრცელდებოდა.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG