Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე თანახმაა, პროკურატურას ჩვენება მისცეს


ნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე

„TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, სუს-ის სავარაუდო ფაილების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. როგორც მელაძე ამბობს, კანონის თანახმად, მას უფლება აქვს საგამოძიებო ორგანოს ჩვენება არ მისცეს, თუმცა მაინც გამოცხადდება პროკურატურაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს კანონი გვანიჭებს უფლებას, რომ ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენება არ მივცეთ საგამოძიებო უწყებებს, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და საინფორმაციო გამოშვებები მაქვს გასაკეთებელი და პლიუს, დასაგეგმი შაბათის ეთერი, მყისიერად ვაცნობე პროკურატურას, რომ მოვიდოდი, მივცემდი ჩვენებას იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც უსმენდა მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, პატრიარქის გარემოცვას, საპატრიარქოში დასაქმებულ ადამიანებს. ახლა როდესაც შევალ პროკურორთან, გავარკვევ, რა არის განზრახვა მათი", - თქვა მელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მარტივი იქნება პროკურატურის განზრახვის დადგენა - ისინი რეალურად იძიებენ მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, თუ მათი სურვილია, რომ პასუხისგებაში მისცენ იმ ათიათასობით ჩანაწერის უკანონოდ გამკეთებელი ადამიანი, ვინც ამას იწერდა ამდენი ხნის განმავლობაში.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიების საკითხზე საუბრისას დღეს, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს და მათ შორის იმას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული ყოფილიყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა. ჩანაწერების საქმესთან გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო კავშირებზე ამ დღეებში "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებმაც მიანიშნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG