Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: "ქურდული სამყაროს" წევრობის და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია 11 პირი


შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. მსგავსი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებიდან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 4 პირის მიმართ.

შსს-ს თანახმად, დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ.მ.(მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ.ნ., 1964 წელს დაბადებული ბ.გ.(მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა.ც.(მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ.რ.(მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ.(მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ.მ., 1974 წელს დაბადებული გ.გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ.ა.

ამ პირების გარდა, ბრალი წარედგინება: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს(მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს(მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს(მეტსახელად „ტყუპა“).

შსს-ს ინფორმაციით, მის მიერ დასახელებული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში:

ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ. ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთნენ. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

შსს-ს ცნობითვე, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებით ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ასევე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა „მერსედესი“ და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები.

ინფორმაცია, რომ შსს შიდა ქართლში ატარებდა სპეცოპერაციას "ქურდული სამყაროს" წევრების და მხარდამჭერების წინააღმდეგ, დღეს დილით გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG