Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ესაუბრა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, ორბელიანების სასახლეში გამართულ ორივე შეხვედრაზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

სავარაუდოდ სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ინტერნეტით გავრცელებულ, თითქოს, სუს-იდან გაჟონილ მასალებს, თავის მხრივ, ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორი, რომელმაც საგამოძიებო ორგანოებს ფარული მიყურადების ყველა შემთხვევის შესწავლისკენ მოუწოდა. სახალხო დამცველის შეფასებით კი, დაგროვილი მასალის მასშტაბი სისტემურ დანაშაულს ხდის თვალსაჩინოს.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი - 25 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა იყო განთავსებული. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები დიდწილად სასულიერო პირებს ეხება,

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

უშუალოდ საეკლესიო მსახურებზე სავარაუდო მიყურადების გარდა, ასევე არის ეკლესიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჟურნალისტებსა და დიპლომატებს შორის შიდა კომუნიკაციის, ასევე ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენელთა შორის საუბრის ჩანაწერების შინაარსი.

მათში ვხვდებით საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ისრაელის ელჩების, ასევე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს.

სუს-ის სავარაუდო ფარული მიყურადების გზით მოპოვებული მასალების მედიით გავრცელების შესახებ, ინფორმაცია ბრიუსელს ევროკავშირის საელჩომ მალევე აცნობა.

მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებსა და ამ ჩანაწერების შინაარსის შესახებ, პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ იძიებს კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG