Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" "ენმ"-ს ხელვაჩაურის შტაბში შეჭრაში ადანაშაულებს


"ქართული ოცნება" ნაციონალურ მოძრაობას ხელვაჩაურის შტაბში შეჭრაში ადანაშაულებს - პარტიის ოფისში ამ თემაზე ბრიფინგი გამართა "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ წინააღმდეგ მოწყობილი ყველა პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს.

პაპუაშვილის თქმით, პროვოკაცია ხელვაჩაურში დღეს დილას მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი - ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები: მალხაზ თავდგირიძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.

გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს.

ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არათუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივზე.

ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე. ის ასევე შეეხო ორი დღის წინ კასპში მომხდარ ინციდენტსაც, რომლის დროსაც "მთავარის" ოპერატორი მმართველი პარტიის ოფისის მეორე სართულიდან გადმოვარდა. ჟურნალისტებისგან განსხვავებით პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მედიის წარმომადგენლები თავად ცდილობენ ისეთი ადგლების შერჩევას გადაღებისთვის, საიდანაც გადმოვარდნა ადვილად არის შესაძლებელი.

"ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში, ქარელში „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან „ყრიან“. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა ამ მასალას, როგორც ვიდეო-, ასევე ფოტომასალას მოგაწვდით", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. მან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსაც მიმართა ამ ბრიფინგზე და მოუწოდა, არ გამოცადონ ხალხის მოთმინება, "რომელსაც მართლაც გააჩნია საზღვარი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG