Accessibility links

site logo site logo

რუსეთში არჩევნების ბოლო დღეა, დარღვევების შესახებ ბევრი ცნობის ფონზე


რუსეთში 19 სექტემბერი სამდღიანი საპარლამენტო არჩევნების ბოლო დღეა, კენჭისყრა იმართება ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ ცნობებისა და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოძრაობაზე ზეწოლის გაძლიერების ფონზე.

გავრცელებული მოლოდინით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს მმართველი, კრემლის მიერ მხარდაჭერილი პარტია "ერთიანი რუსეთი", მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რეპრესიები განახორციელა კრიტიკულ ხმებზე, ბიულეტენებიდან მოიხსნენ კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსები, ზეწოლა იყო დამოუკიდებელ მედიაზე. თუმცა პარტია, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უჭერს მხარს, შესაძლოა იდგეს პარლამენტში გადამწყვეტი უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე - რადგან არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით, ამ პარტიის პოპულარობა დაახლოებით 30 პროცენტამდე იყო დაცემული.

"ერთიანი რუსეთის" ამჟამინდელი, სამი მეოთხედის მომცველი უმრავლესობა 450-ადგილიან პარლამენტში ამ პარტიას ფართო ძალაუფლებას ანიჭებს, მათ შორის კონსტიტუციის შეცვლის მხრივ, როგორც ეს შარშან მოხდა საიმისოდ, რომ პუტინს საშუალება მისცემოდა 2024 წლის შემდეგ კიდევ ორჯერ ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. "ერთიანი რუსეთის" მანდატების ხარჯზე ყველაზე მეტი ადგილი შესაძლოა წაიღოს კომუნისტურმა, სიძლიერის თვალსაზრისით რიგით მეორე პარტიამ.

კომუნისტური პარტია პოპულარობას ინარჩუნებს რუსეთის ხანდაზმულ მოსახლეობაში, თუმცა ამჯერად მან, შესაძლოა, ნავალნის მომხრეებისგანაც მიიღოს დამატებითი მხარდაჭერა. ნავალნიმ სტრატეგია ააგო თავისი Smart Voting-ის ინიციატივის გარშემო - საშუალების, რომელიც პუტინის მოწინააღმდეგე ამომრჩეველს საშუალებას აძლევს გაიგოს, რომელ კანდიდატებს აქვთ "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენლის დამარცხების ყველაზე მეტი შანსი, რათა ოპოზიციური ხმები არ დაიყოს. ამ ინიციატივის ფარგლებში იდენტიფიცირებული კანდიდატების უმრავლესობა სწორედ კომუნისტური პარტიიდანაა - თუმცა კომუნისტებიც და სახელმწიფო სათათბიროში მყოფი კიდევ ორი სხვა პარტიაც იშვიათად ეწინააღმდეგებიან ინიციატივებს, რომლებსაც კრემლი ღიად უჭერს მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG