Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი: აშშ-ის სურს ევროკავშირ-ბალკანეთის ინტეგრაციის დაჩქარება


გაბრიელ ესკობარი
გაბრიელ ესკობარი

აშშ-ის სურს დაჩქარდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მის ამჟამინდელ ნელ ტემპთან შედარებით და პროცესის გამოცოცხლებას ძალისხმევას მოახმარს - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

ამ განცხადებით გამოვიდა გაბრიელ ესკობარი, რომელიც მიმდინარე თვეში დაასახელეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად სამხრეთ ცენტრალური ევროპის საკითხებში, და რომელიც ხელმძღვანელობს რეგიონს, რომელთან დაკავშირებულ საკითხებზეც პირველად 1998-2001 წლებში მუშაობდა. მისი თქმით, აშშ-მა ასევე დანიშნა დიპლომატი, რომელიც უხელმძღვანელებს საარჩევნო რეფორმის შეჩერებულ პროცესს ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

ესკობარმა იმედგაცრუება გამოხატა ბოლო ორ ათწლეულში ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში დინამიკის ნაკლებობის გამო. "20 წლის შემდეგ დაბრუნება და იმის აღქმა, რომ ამ ფრონტზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა, ცოტა არ იყოს იმედგამაცრუებელია" - უთხრა მან რადიო თავისუფლებას 17 სექტემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში მიცემულ ინტერვიუში და დასძინა: "ჩვენ გვსურს უფრო სწრაფი ინტეგრაცია ვიხილოთ".

ევროკავშირში შემცირდა სწრაფი გაფართოების სულისკვეთება მას შემდეგ, რაც 2004 წელს ბლოკს შეუერთდა 13 სახელმწიფო, მათი უმრავლესობა ნაკლებად მდიდარი ქვეყანა, ყოფილი სოციალისტური ან საბჭოთა ბლოკიდან. ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანდა ხორვატია, 2013 წელს.

ესკობარის თქმით, საიმისოდ, რომ ინტეგრაცია რეალობად იქცეს, გამოწვევები უნდა გადალახონ როგორც ევროკავშირმა, ისე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა - ჩრდილოეთ მაკედონიამ, ალბანეთმა, სერბეთმა, კოსოვომ, მონტენეგრომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ. თუმცა, ესკობარი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის ჩართულობა "ორივე მხარეს დააბრუნებს ამ გზაზე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG