Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაციის მოთხოვნით აშშ ამსუბუქებს უცხოელებისთვის მოგზაურობის შეზღუდვებს, ევროკავშირი ამ ნაბიჯს მიესალმება


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბრიდან შეამსუბუქებს აშშ-ში მოგზაურობის შეზღუდვებს უცხოელებისთვის, თუმცა მისი ადმინისტრაციის მოთხოვნით ყველა უცხოელს, ვისაც აშშ-ში შესვლა სურს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

COVID-19-ის საკითხებში თეთრი სახლის კოორდინატორი, ჯეფ ზაიენტსი - რომელმაც 20 სექტემბერს გამოაცხადა ეს ახალი წესები - ამბობს, რომ უცხოელებმა, რომლებიც აშშ-ში მიფრინავენ, თვითმფრინავში შესვლამდე უნდა წარმოადგინონ აცრების ჩატარების საბუთი და რეისამდე სამი დღის ვადაში ჩატარებული COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი.

ადმინისტრაცია ასევე გაამკაცრებს ტესტირების წესებს აშშ-ის აუცრელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ტესტის გავლა მოუწევთ ერთი დღის განმავლობაში როგორც აშშ-ის დატოვების, ისე შინ დაბრუნებისას.

სრულად აცრილ მგზავრებს კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ - ამბობს ზაიენტსი.

ახალი წესები შეცვლის მგზავრობის პირობებს, რომლებიც შარშან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შემოიღო და შემდეგ ბაიდენმა გაამკაცრა და რომლებმაც შეზღუდა მოგზაურობა ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან. ახალი წესები, ამავე დროს, პასუხობს მნიშვნელოვან მოთხოვნას ევროკავშირელი მოკავშირეებისგან, დაძაბული დიპლომატიური კავშირების ფონზე.

ევროკავშირი მიესალმა ამ განცხადებას, ბრიტანეთმა კი მას "ფანტასტიკური" უწოდა.

XS
SM
MD
LG