Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი წინასაარჩევნოდ დიდი დაპირებებით გამოდის უნგრელების წინაშე


ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი მომავალ წელს დანიშნულ არჩევნებზე უნგრელების მიმხრობას იმედოვნებს - ევროკავშირის მიმართ სკეფსისით ცნობილი, პოპულისტი ლიდერი 10 სექტემბერს, პარლამენტის გამხსნელ სხდომაზე გამოვიდა მილიარდების გაღების დაპირებით ოჯახების დასახმარებლად და ხელფასების გასაზრდელად.

ორბანს, რომელიც 2010 წლიდანაა ხელისუფლებაში და მის ნაციონალისტურ პარტია ფიდეზს სერიოზული გამოწვევა გაუჩნდა, რომელმაც შესაძლოა აპრილის კენჭისყრაზე მათ წაართვას პარლამენტში ამჟამინდელი ფართო უმრავლესობის წილი. შარშან შეიქმნა მრავალფეროვანი, ექვსი პარტიისგან შემდგარი ალიანსი, რომელიც ორბანს ადანაშაულებს მასშტაბური კორუფციის დაშვებასა და თანდათანობითი ავტორიტარიზმის დამყარებაში.

პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ორბანი გამოვიდა პირობით, რომ მომავალი წლის დასაწყისში დამატებით 600 მილიარდ ფორინტს, ანუ 1,99 მილიარდ დოლარს გამოყოფს ოჯახებისთვის და გაზრდის მინიმალურ ხელფასს.

ორბანი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია, ის ღიად აფართოებს კავშირებს მოსკოვთან და ხელმძღვანელობს იმიგრანტების საწინააღმდეგო სულისკვეთებით გამორჩეულ პოპულისტურ ტალღას, რომელიც ვროპაში 2015 წლის მიგრანტთა კრიზისის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში სულ უფრო მძლავრად იკიდებს ფეხს.

ევროკავშირის წარმომადგენლები ორბანს სისტემატიურად აკრიტიკებენ მათი თქმით თავდასხმებისთვის თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიისთვის და კანონმდებლობისთვის, რომელიც ბრიუსელის და სხვების შეფასებით ლგბტ ადამიანთა წინააღმდეგ არის მიმართული.

ორბანის მოწინააღმდეგეთა ალიანსს გასულ შაბათ-კვირას სირთულე შეექმნა, როცა პირველ პრაიმერს, რომელსაც ორბანის მეტოქე უნდა გამოევლინა, ტექნიკური სირთულეები გაუჩნდა - რის გამოც ოპოზიციურმა ჯგუფებმა პროცესი 28 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს. ოპოზიციური ეროვნული პრაიმერის საარჩევნო კომისია გამოვიდა ვარაუდით, რომ ტექნიკური პრობლემების უკან შესაძლოა სახელმწიფო უწყებები იდგნენ. ოპოზიციას საამისო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა აღნიშნა, რომ ძალაუფლებაში მყოფებს "აშინებთ ხალხის მასა, რომელსაც თავისი აზრის გამოხატვა სურს".

XS
SM
MD
LG