Accessibility links

site logo site logo

აშშ სამართლიანად არ მიიჩნევს რუსეთის დუმის არჩევნებს


აშშ რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სამართლიანად არ მიიჩნევს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, არჩევნები მიმდინარეობდა პირობებში, რომლებიც ხელს არ უწყობენ ხმის მიცემის თავისუფალ და სამართლიან პროცესს.

პრაისის შეფასებით, რუსეთის მთავრობის მიერ „ექსტრემისტული ორგანიზაციების“, „უცხოელი აგენტების“ და „არასასურველი ორგანიზაციების“ კანონების გამოყენებამ სერიოზულად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და რუს ხალხს ხელი შეუშალა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა, რასაც წინ უძღოდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსების მარგინალიზაციის ფართომასშტაბიანი ძალისხმევა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიუროს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ მისცა არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, ამან კი, მნიშვნელოვნად შეამცირა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის აუცილებელი გამჭვირვალობა. ნედ პრაისის თანახმად, მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.

აშშ რუსეთს მოუწოდებს, დაიცვას ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის საერთაშორისო ვალდებულება და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის კამპანია.

აშშ არ აღიარებს რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა რუსეთის საელჩომ აშშ-ში. საპასუხო განცხადების თანახმად, ხალხის მიერ ნების გამოხატვა სრულად შეესაბამებოდა რუსეთის კანონმდებლობას და საერთაშორისო ნორმებს და საპირისპიროს შესახებ ნებისმიერი ინსინუაცია დაუშვებელია.

რუსეთის საელჩოს მტკიცებით, არჩევნების პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისია „შეეჯახა კიბერთავდასხმების უპრეცედენტო რაოდენობას“, მათი 50% აშშ-ის ტერიტორიიდან დაფიქსირდა, მიზანი კი რუსეთის საარჩევნო სისტემის დისკრედიტაცია იყო. საელჩო აცხადებს, რომ სასურველია ამერიკული მხარისგან ამომწურავი განმარტების მიღება.

რუსეთში 17-19 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 450-წევრიან დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ "ერთიანი რუსეთი". მას პროპორციული სიით და ერთმანდატიანი ოლქებიდან სავარაუდოდ, 315 დეპუტატი ეყოლება.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ 4-მა საარჩევნო სუბიექტმა: „კომუნისტური პარტია“, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, „სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები-სიმართლისთვის“ და „ახალი ხალხი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG