Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები პუტინის "სუვერენულ დემოკრატიაში"


რუსეთის VIII მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა ვლადიმირ პუტინის მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ (Единая Россия), ხმების 49,85%-ით. პირველად უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო წარმოდგენილი იქნება ოთხზე მეტი პარტიით.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 99,7%-ის დამუშავების შემდეგ, 5%-იანი ბარიერი გადალახეს:

  • „ერთიანი რუსეთი“ (Единная Россия) - 49,85%
  • „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“ (КПРФ) - 18,96%
  • ვლადიმირ ჟირინოვსკის „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ (ЛДПР) - 7,5%,
  • „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისათვის“ (Справедливая Россия - Патриоты - За правду) - 7,44%
  • „ახალი ხალხი“ (Новые Люди) - 5,33%.

მსგავსი შედეგებით დასრულდა ხმის მიცემა 225 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში:

  • „ერთიანი რუსეთი“ - 196 მანდატი
  • „რუსეთის კომუნისტური პარტია“ - 15
  • პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ - 7

თითო-თითო მანდატი შეიძლება მიიღონ „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „იაბლოკომ“ (Яблоко), პარტია „სამშობლომ“ (Родина), „სამოქალაქო პლატფორმამ“ (Гражданская платформа) და „ზრდის პარტიამ“ (Партия Роста), რომლის თანათავმჯდომარე ცნობილი რუსი როკმომღერალი სერგეი შნუროვია.

2021 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები პირველად აირჩიეს ე.წ. ახალი სცენარით - სამდღიანი კენჭისყრით. ამგვარ ფორმატს ითვალისწინებს 2020 წელს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები.

17-19 სექტემბერს რუსეთის მოქალაქეებმა აირჩიეს როგორც VIII მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს 450 დეპუტატი, ასევე გუბერნატორები 12 რეგიონში და საკანონმდებლო სათათბიროების დეპუტატები 39 რეგიონში.

რევოლუციას არც არავინ ელოდა

რევოლუციას, უფრო ზუსტად, ელექტორალურ რევოლუციას არც არავინ ელოდა. რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ამჟამინდელი შედეგი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო ხუთი წლის წინ. შესაბამისად, ახალი მოწვევის სათათბიროშიც ის წარმატებით შეძლებს კონსტიტუციური უმრავლესობის შენარჩუნებას, ანუ, ჯამში, 450-მანდატიდან, სულ ცოტა, 300-ის გაკონტროლებას.

სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კირიენკოს პარტია „ახალი ადამიანების“ მიერ 5%-იანი ბარიერის სავარაუდო გადალახვა და ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა. მოსალოდნელზე ბევრად ცუდი შედეგი აჩვენა „იაბლოკომ“, რომლის სახელმწიფო სათათბიროში მოხვედრას (5%-იანი ბარიერის გადალახვას) არც არავინ ელოდა, თუმცა, პოლიტიკის ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდებოდა, რომ რუსეთის ყველაზე ხანდაზმულ დემოკრატიულ პარტიას არ უნდა გასჭირვებოდა სახელმწიფო დაფინანსებისთვის აუცილებელი 3%-იანი ზღვრის გადალახვა. ბევრისთვის სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. „იაბლოკომ“ ხმათა მხოლოდ 1,3% მიიღო.

სერგეი კირიენკო და ვლადიმირ პუტინი
სერგეი კირიენკო და ვლადიმირ პუტინი

„რევოლუციას არც არავინ ელოდა“, - ამბობს მოსკოველი ჟურნალისტი ალექსანდრ რიკლინი, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ისე ხისტად იქცეოდა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ბევრს შეძლო ეფიქრა, რომ ამგვარ ქცევას ძალაუფლების მოსალოდნელი დაკარგვის შიში განაპირობებდა:

„ბევრი კომენტატორი კითხულობს - რამ გამოიწვია ხელისუფლების წინასაარჩევნო ისტერიკა? იმთავითვე ცხადი იყო, რომ არც სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები და არც ექსპერტთა დასკვნები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს კრემლს რაიმე სახის გადაუჭრელი ელექტორალური პრობლემები შეექმნებოდა. აკი, არც შეექმნა. მაშ, რატომ დასჭირდა ასეთი სასტიკი ბრძოლა "ჭკვიანი ხმის მიცემის" წინააღმდეგ? სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და მიუღებელი პოლიტიკოსების ქვეყნიდან გაძევება? ნებისმიერ სამოქალაქო აქტივობაზე ძალადობრივი რეაგირება? ადრე, წინასაარჩევნო პერიოდში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობდა, შეექმნა ილუზია ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც მშვიდად ემზადებოდა მნიშვნელოვანი დემოკრატიული მოვლენისთვის, ძალოვნებს კი სთხოვდნენ არ გამოეყენებინათ ძალა მცირე ხნით, ხოლო პროპაგანდისტებს - მოეთოკათ ვნებები, თუმცა ამ არჩევნებზე, რატომღაც, ყველაფერი პირიქით გაკეთდა“.

რატომ?

ალექსანდრ რიკლინის ვარაუდით, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული (მით უფრო, დიქტატორული) რეჟიმი გარკვეული დროის შემდეგ.

ალექსანდრ რიკლინი
ალექსანდრ რიკლინი

„რეჟიმი ბერდება თავის ლიდერთან ერთად. დროთა განმავლობაში, ძალაუფლების სტრუქტურა თანდათან ირყევა, იზრდება ტურბულენტობა მის შიგნით. გუბერნატორთა კორპუსის პერიოდული გადაჯგუფება ან გენერლების მოულოდნელი მასობრივი გადაყენება სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება. მმართველს ეჩვენება, რომ მუდმივად საჭიროა სახელმწიფო ორგანიზმის მომარაგება "ახალი სისხლით", რათა თავიდან აიცილოს დაჭაობება. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღარ თამაშობს გადამწყვეტ როლს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ფორმირებაში, რომ, თითქოსდა, მოვიდნენ სამხრეებიანი ადამიანები ФСБ-ს შესაბამისი პროფილის სამმართველოებიდან, ამ ბიჭებს კი, მოგეხსენებათ, განსხვავებული მეთოდიკა აქვთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ მომხდარა თავისთავად, ძალაუფლების პირამიდის მწვერვალში ჩათვალეს, რომ ახალი დრო მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას. აქედან გამომდინარეობს ზოგადი გამკაცრების ტენდენცია“, - ამბობს ალექსანდრ რიკლინი.

არჩევნები რეკორდული დარღვევებით

დამკვირვებლების ნაწილი მიიჩნევს, 2021 წლის არჩევნები შესაძლოა ყველაზე ბინძურად ჩატარებული არჩევნები იყოს იმათ შორის, რაც კი პუტინის ეპოქაში გამართულა. ხელისუფლებამ საზოგადოებას აჩვენა გაყალბების ფაქტობრივად მთელი არსენალი:

  • „კარუსელები“
  • საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებისა და კანდიდატების არშეშვება
  • ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა ურნებში
  • საარჩევნო უბნებზე „ტიტუშკების“ მობილიზება
  • სათვალთვალო კამერების განზრახ გათიშვა და ა.შ.

პოლიტოლოგი აბას გალიამოვი ამბობს, რომ 2021 წლის არჩევნების მთავარი შთაბეჭდილება დაკავშირებულია არა ხელისუფლების ქმედებებთან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და გაყალბების თვალსაზრისით - მისი თქმით, ეს ყველაფერი ადრეც ხდებოდა, არამედ საზოგადოების რეაქციასთან.

„2016 წელს, სათათბიროს წინა არჩევნების დროს, დაახლოებით ასეთივე სურათი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების რეაქცია შეიცვალა. ამჯერად რეაქცია გაცილებით მწვავეა. იგივე ფაქტები ახლა უფრო მეტად აღიზიანებს ხალხს - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - ამბობს პოლიტოლოგი.

არჩევნების გაყალბების მასტშაბი განსაკუთრებით დიდია რუსეთის რეგიონებში, როგორც ჟურნალისტი ალექსანდრ რიკლინი ამბობს, „ელექტორალურ სასულთნოებში“, სადაც კენჭისყრის მეორე დღესვე ამომრჩეველთა აქტივობამ 50%-ს გადააჭარბა. ჩეჩნეთში ეს მაჩვენებელი მესამე დღის ბოლოს 94%-მდე ავიდა (მაშინ, როცა მთელი რუსეთის მასშტაბით 45%-ია), მმართველი პარტიის კანდიდატმა, რამზან კადიროვმა კი ხმათა 98,5% მიიღო.

„რთული არ არის ვივარაუდოთ, რომ ეს შედეგები, უბრალოდ, დახატულია“, - ამბობს ალექსანდრ რილკინი.

რატომ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მმართველი პარტიისათვის VIII მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება?

აბას გალიამოვის თქმით, სახელმწიფო სათათბიროს სწორედ ამ შემადგენლობამ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი 2024 წელს, როცა ვლადიმერ პუტინის მორიგი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. სახელმწიფო სათათბირო იქნება პასუხისმგებელი „თამაშის წესების“ არჩევაზე, იმისდა მიუხედავად, გადაწყვეტს თუ არა პუტინი, ხელახლა იყაროს კენჭი თუ დაასახელებს მემკვიდრეს. დიდწილად ამით - პარლამენტზე კონტროლის შენარჩუნების მნიშვნელობით, აიხსნება რეპრესიების გამკაცრება არჩევნების წინ.

სად დამარცხდა პუტინის პარტია

რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“, წინასწარი მონაცემებით, ინარჩუნებს კონსტიტუციურ უმრავლესობას სახელმწიფო სათათბიროში, მაგრამ ის დამარცხდა 5 რეგიონში: ულიანოვსკის ოლქში, იაკუტიაში, კომის რესპუბლიკაში, ნენთა ავტონომიურ ოლქსა და ხაბაროვსკის მხარეში.

ხაბაროვსკში „ერთიანმა რუსეთმა“ რუსეთის მასშტაბით ყველაზე ნაკლები ხმა - 25% მიიღო, პირველ ადგილზე კი კომუნისტური პარტია გავიდა.

ბოლო წლებში, თითქმის ყველა ამ რეგიონში ცენტრალური ხელისუფლება შეეჯახა აქტიური მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პროტესტს - ხაბაროვსკის მხარეში პოპულარული გუბერნატორის სერგეი ფურგალის დაპატიმრების, კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნაგავსაყრელის მშენებლობის, ხოლო ნენთა ოლქში, არხანგელსკის ოლქთან გაერთიანების გამო.

რუსეთის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატები ლიდერობენ 225 ერთმანდატიანი ოლქიდან 195-ში. დანარჩენი ოლქების ნახევარში გაიმარჯვეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა. ამასთან, იმ 30 გამარჯვებულიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ „ერთიან რუსეთს“, უმრავლესობა - მაგრამ არა ყველა - მხარდაჭერილია ალექსეი ნავალნის „ჭკვიანი ხმის მიცემის“ სისტემით. ასე მოუგეს კომუნისტური პარტიისა და „სამართლიანი რუსეთის“ წევრებმა მმართველ პარტიას კომიში, იაკუტიაში, ალტაის მხარეში, ირკუტსკში, ომსკში, სამარაში, ჩუვაშეთში, იმიერბაიკალის, ნოვოსიბირსკისა და ჩელიაბინსკის ერთმანდატიან ოლქებში.

იერიში "ჭკვიანურ სტრატეგიასა" და ელ. კენჭისყრაზე

ალექსეი ნავალნის მიერ შემუშავებული ხმის მიცემის ე.წ. ჭკვიანური სტრატეგია ოპოზიციურ ელექტორატს სთავაზობს იმ კანდიდატების სიას, რომლებსაც ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვთ დაამარცხონ მმართველი პარტიის კანდიდატები, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მსვლელობისას „ხმის მიცემის ჭკვიანურ სისტემაზე“ კრემლმა მიიტანა უპრეცედენტო იერიში, რომლის შედეგადაც თვით Apple-ი და Google-იც იძულებული გახდნენ გაეთვალისწინებინათ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება და app store-იდან ამოიღოთ აპლიკაცია „ნავალნი“.

„ხმის მიცემის ჭკვიანური სისტემით“ ძირითადად კომუნისტურმა პარტიამ იხეირა. ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი დარწმუნებულია, რომ სისტემამ იმუშავა, თუმცა ყველაფერს ხაზი გადაუსვა მასშტაბურმა ფალსიფიკაციამ.

„ჭკვიანურმა კენჭისყრამ მოსკოვის 15 ოლქიდან 12-13, ხოლო პეტერბურგის 8 რაიონიდან 8-ვე მოიგო. წერტილი. სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებ ამას. სხვა ყველაფერი ფალსიფიკაციაა“, - განაცხადა ლეონიდ ვოლკოვმა.

რაც შეეხება ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია უარს აცხადებს აღიაროს ელექტრონულად მიცემული ხმების ნამდვილობა.

„ჩვენ არ ვაღიარებთ და არ ვაღიარებთ მოსკოვში ელექტრონული კენჭისყრის მონაცემებს. პარტიამ დაინახა, თუ როგორ შეიცვალა არჩევნების სურათი ციფრული კენჭისყრის შედეგის გამოყრის შემდეგ”, - განაცხადა პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა.

გენადი ზიუგანოვი
გენადი ზიუგანოვი

რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია განსაკუთრებით უკმაყოფილოა მოსკოვის შედეგებით. აპირებს სასამართლოში ჩივილს და არც საპროტესტო აქციების გამართვას გამორიცხავს.

საქმე ის არის, რომ მოსკოვში 2-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ელექტრონულ კენჭისყრაში და, როგორც გაირკვა, მათგან 300 ათასმა, მოგვიანებით, შეცვალა თავისი არჩევანი (ელექტრონული სისტემა ამის საშუალებას იძლევა). ოპოზიციური პარტიების უნდობლობა ასევე გაამყარა შედეგების უჩვეულოდ გვიან გამოქვეყნებამ, თუმცა რუსეთის ფედერაციის ცესკომ დაგვიანების მიზეზად დაასახელა ტექნიკური ხარვეზები და კომისიის ციფრულ რესურსებზე განხორციელებული DDoS-შეტევები ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, ვიეტნამიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საბოლოო შედეგები

რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პანფილოვა 20 სექტემბერს უნდა შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუმცა შეხვედრა არ შედგა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი მკვლელობის გამო, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. პანფილოვას თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგები 24 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ელა პანფილოვა
ელა პანფილოვა

როგორ ჩანს, არჩევნების შემდეგ გარკვეული ტიპის სანქციები გატარდება გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ღიად განაცხადეს საარჩევნო კომისიაში.

როგორც რუსეთის მედიის ისტორიის მკვლევარი, ილია იაბლოკოვი წერს „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ფურცლებზე, რუსეთში იშვიათია კრემლისგან თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალება, უმეტესი მათგანი „უცხოეთის აგენტად“ არის გამოცხადებული და გადარჩენისათვის იბრძვის.

„ერთი მხრივ პროპაგანდა, მეორე მხრივ - რეპრესიები - ასეთია მედიის პუტინური მეთოდი. ეკონომიკური სტაგნაციის, მოსახლეობის დაბერებისა და უკმაყოფილების პირობებში, ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება, თუმცა ჯერჯერობით მუშაობს“, - ამბობს იაბლოკოვი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები

თუმცა, არჩევნების შემდეგ, როგორც ჩანს, სანქციები დაუწესდება რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ორგანიზაციებსაც. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა, სანქციები დაუწესოს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ორგანიზატორებს ყირიმსა და დონბასში, - ამის შესახებ განაცხადა საბჭოს წარმომადგენელმა ოლექსი დანილოვმა:

„დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთს არ აქვს არჩევნების ჩატარების უფლება ამ ტერიტორიებზე. ამიტომ, ამ პროცესის ყველა მონაწილე, საუბნო კომისიის წევრები, აგიტატორები, კანდიდატები, დამკვირვებლები, რომლებიც ამ არჩევნების ოფიციალური პირები არიან, ჩვენი ქვეყნის სანქციების ქვეშ მოექცევიან”.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG