Accessibility links

site logo site logo

საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია - UN Women


საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია - ასეთია გამოკვლევის შედეგები, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია აქვეყნებს.

გამოკვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.

კვლევის ავტორების განცხადებით, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება საქართველოში გავრცელებული, მაგრამ დაფარული პრობლემაა. მის შესახებ შესაბამისი პირისა თუ უწყებისთვის ოფიციალურად მსხვერპლების მხოლოდ 10%-ს უცნობებია. გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ თუ სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებენ, ეს მათ კარიერაზე ნეგატიურად აისახება.

კვლევაში ასახულია საჯარო მოხელეების დამოკიდებულებები პრობლემაზე რეაგირებისა და შეტყობინების მექანიზმების შესახებაც. გამოკითხულთა 98% ფიქრობს, რომ ხელმძღვანელები სექსუალურ შევიწროებას სერიოზულად უნდა მიუდგნენ, 95%-ს კი მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ჩამდენები უნდა დაისაჯონ.

ამას გარდა, 94% აცხადებს, რომ უფლება აქვს, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადოს, 80%-ს კი მიაჩნია, რომ შეტყობინება ძალადობის შეჩერების შედეგიანი ხერხია. გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია, შეტყობინება უწყებაშივე შეძლოს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის პირველი სპეციალიზებული კვლევა საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელების შესახებ და ამ დრომდე, პრობლემის შესახებ მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობდა.

კვლევა საერთაშორისო მეთოდოლოგიების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და მან როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი გააერთიანა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG