Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რუხაძე: ეს არჩევნები ინდიკატორია, რამდენად ვართ საბჭოთა ან ახალი საბჭოთა საზოგადოება

გიორგი რუხაძე, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი
გიორგი რუხაძე, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თუ საზოგადოება სათანადო რეაგირების გარეშე მიიღებს ფარული მოსმენების საკითხს, ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ვეღარ განვითარდება.

„წინააღმდეგობის ფორმა იქნება, რომ დაანგრევს და დაწვავს, როგორც დასავლური პროტესტი მუშაობს, თუ არჩევნებზე მივა და საარჩევნო ყუთში გააკეთებს ამ არჩევანს, მე არ ვიცი. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მეორე უფრო კომფორტული იქნება ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ თუ ესეც არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ან ჩვენ კვლავაც ვართ საბჭოთა საზოგადოება და ეს მისაღებია ჩვენთვის, ან ვართ ახალი საბჭოთა საზოგადოება, როგორიც არის რუსული, ბელორუსული, ყაზახური და ასე შემდეგ. ეს საფრთხე არის საფრთხე, რომელსაც ისე ვხედავ, როგორც თქვენ გხედავთ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან გამოთქვა მოსაზრება, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები და იქნება ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რამდენად მისაღებია ქართული საზოგადოებისთვის ზემოხსენებული ტიპის სახელმწიფო:

„თუ ჩვენ მივიღებთ ამ ყველაფერს, საქართველოს ამ შემთხვევაში არანაირი საერთო აღარ ექნება არც ევროკავშირთან, არც დასავლურ ღირებულებებთან, არც დემოკრატიასთან და არც არაფერთან... ასე რომ, საფრთხე ძალიან დიდია და ეს არჩევნები მართლა არის ან ამ საფრთხის განეიტრალების საშუალება, ან ამ საფრთხის გაძლიერების საშუალება, თუ საზოგადოება დანებდება ამ თავხედობას“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ. მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო და თავი ამოწურა:

„რანაირადაც არ უნდა ვატრიალოთ ეხლა, იმაზე უკეთესი მდგომარეობა, რომელიც დღეს და გუშინ ჰქონდა ამ ქვეყანას, ხვალ ვერ ექნება „ქართული ოცნების“ პირობებში. თუ გნებავთ, მათი პრემიერ-მინისტრების ხარისხს გადავხედოთ, როგორ იცვლებოდა და დღეს უკეთეს მდგომარეობაში ვართ, თუ უარეს მდგომარეობაში, გნებავთ, ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას გადავხედოთ და შევადაროთ წინა წლებს, გნებავთ, დემოკრატიის ხარისხს შევხედოთ და შევადაროთ წინა წლებს, გნებავთ, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას შევხედოთ და წინა წლებს შევადაროთ - რეგრესი არის ყველა მიმართულებით. და ეს რეგრესი გაგრძელდება და როდესაც მაცივარზე ვლაპარაკობთ, მაცივარში საჭმელის რაოდენობაც იკლებს და ხვალ და ზეგ უფრო მოიკლებს იმიტომ, რომ სხვა დანარჩენი კომპონენტებიც უარესდება. ასე რომ, არჩევანი ძალიან ნათელია ჩემი გადასახედიდან. მართლა უნდა ავირჩიოთ, რა ტიპის სახელმწიფო გვინდა და როგორ გვინდა ცხოვრება“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ „დილის საუბრებში“.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 1 პროცენტიც რომ აიღოს, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.

XS
SM
MD
LG