Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: არასწორად მიმაჩნია, პარლამენტს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობა ვუწოდოთ


სალომე სამადაშვილი, საპარლამენტო ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი
სალომე სამადაშვილი, საპარლამენტო ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ერთადერთი ინსტიტუციის ბერკეტი, რომელშიც ოპოზიციაა წარმოდგენილი. გადაცემაში ამასთან დაკავშირებით მან უარყოფითად შეაფასა ფარული ჩანაწერების საკითხზე საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ უარი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, კერძოდ, განაცხადა, რომ 2 ოქტომბრამდე პარტიის არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია.

„მე არასწორად მიმაჩნია ეს მიდგომა, რომ პარლამენტს ვუწოდოთ თავყრილობა ბიძინა ივანიშვილის და არ შევეცადოთ, რომ პარლამენტის ბერკეტები გამოვიყენოთ. ჩვენი ფრაქციის ინიციატივა იყო, რომ დავაყენოთ დღის წესრიგში საგანგებო სხდომის მოწვევა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოვითხოვოთ სხდომის ჩატარება იმიტომ, რომ სხდომა რომ შეიკრიბოს, ამას სჭირდება, ცხადია, უმრავლესობიდან შესაბამისი რაოდენობის დეპუტატების მოსვლა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან განმარტა ისიც, რატომ არ შედის სხდომის ჩატარება 2 ოქტომბრის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ინტერესებში:

„მე ვფიქრობ, ეს არის ლოგიკური, იმიტომ, რომ იციან, რომ მათთვის იქნება უკიდურესად დამაზიანებელი სხდომის მოწვევა და პოლიტიკურ ველზე, ასე ვთქვათ, შერკინების მოწყობა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის იმიტომ, რომ სრულიად წაგებულები არიან. ანუ რა უნდა თქვან საკუთარი თავის დასაცავად? შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ რომ შევაგროვოთ კიდეც საკმარისი ხელმოწერები ამისთვის და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადახედოს საკუთარ პოზიციას, სხდომა მაინც არ შედგეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციამ უნდა დაიცვას ის ბოლო რაღაცა ბასტიონები, სადაც ჩვენ დღეს ვიცავთ სახელმწიფოებრიობას და სადაც ფეხი მეტ-ნაკლებად გვაქვს მოკიდებული“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა „დილის საუბრებში“.

საპარლამენტო ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ფარული ჩანაწერების საკითხზე რამდენიმე დღის წინ მოითხოვა. ფრაქციის წევრთა განმარტებით, სხდომაზე მიწვეული უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ჩანაწერებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხებს.

„ლელოს“ ინიციატივას საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. 20 სექტემბერს პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრამდე "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ დეპუტატს "ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

„უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ფარული ჩანაწერების საკითხის საპარლამენტო მოსმენას არჩევნების შემდეგ აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ 21 სექტემბერს მედიასთან განმარტა, რომ სხდომა აუცილებლად ჩატარდება. მან არ გამორიცხა ასევე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

12 სექტემბერს გვიან ღამით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო- და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG