Accessibility links

site logo site logo

დმანისში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე დაკავებულ დავით დათუაშვილს ბრალი წარუდგინეს


პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორი მხარდამჭერის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ დავით დათუაშვილს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დავით დათუაშვილმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, მ.ო-ს და შ.ს.-ს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს.

სამართალდამცველებმა დ.დ. 2021 წლის 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დავით დაუთაშვილი, „ქართული ოცნების“ დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.

ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში მიხელ დაუთაშვილი ამბობს, რომ შვილი პოლიციაში თავად მიიყვანა, რათა მომხდარზე პასუხი აგოს, ამასთან განმარტავს, რომ დავით დაუთაშვილი მომხდარის დროს აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მანამდე მიხეილ დაუთაშვილი არ ადასტურებდა ინციდენტში თავისი შვილის მონაწილეობას და ამბობდა, რომ „შეიძლება, თვითონ დააზარალეს ერთმანეთი, ერთმანეთში მოხდა რაღაც შელაპარაკება და თვითონ მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა".

კითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის კანდიდატურა მომხდარის შემდეგ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა - „კანდიდატი რა შუაშია? თუ არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG