Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი უმასპინძლებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის ალიანსის ლიდერთა პირველ პირისპირ შეხვედრას


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 სექტემბერს უმასპინძლებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის ალიანსის ლიდერთა პირველ შეხვედრას პირისპირ.

ამ თავყრილობაზე ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგასა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს.

შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, დისკუსია სხვა თემაზე გადართოს საფრანგეთის განრისხებული რეაქციიდან, რაც მოჰყვა გასული კვირის ცნობას, რომ ავსტრალია წყვეტს ფრანგული წარმოების წყალქვეშა ნავების თაობაზე მრავალმილიარდიან გარიგებას.

დღევანდელ სამიტამდე იაპონიისა და ინდოეთის მთავრობები მიესალმნენ ინფორმაციას, რომ ვაშინგტონი აშშ-ს, ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის ახალი ალიანსის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ბირთვული წყალქვეშა ნავებით ავსტრალიის აღჭურვაში.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია აცხადებენ, რომ ბირთვულ საწვავზე მომუშავე წყალქვეშა ნავები გააძლიერებს მათს აქტივობას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. მათ იმედი გამოთქვეს, რომ დიპლომატიური კრიზისი გავლენას არ მოახდენს საფრანგეთთან გრძელვადიან ურთიერთობებზე.

საფრანგეთმა ბაიდენის მთავრობა ზურგში დანის ჩაცემაში დაადანაშაულა. მაგრამ დაძაბულობა შედარებით განიმუხტა მას შემდეგ, რაც 23 სექტემბერს ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. მხარეები შეთანხმდნენ, მიიღონ ზომები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მოქმედებების უფრო მეტად კოორდინირებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG