Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მხარს უჭერს ვაქცინაციის მესამე დოზას


აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) მხარს უჭერს COVID-19-ის წინააღმდეგ დამატებით ვაქცინაციას მილიონობით ხანდაზმულისა და სხვა სუსტი ჯანმრთელობის პირებისთვის ამერიკაში.

CDC-ის დირექტორმა, რეშელ ვალენსკიმ ხელი მოაწერა მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციების სერიას, რომელთა თანახმად, Pfizer-ით დამატებითი ვაქცინაციის საშუალება უნდა მიეცეთ 65 წლისა და უფროს ადამიანებს, ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთ და 50-64 წლის ასაკის პაციენტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

ვალენსკიმ ასევე მხარი დაუჭირა დამატებით ვაქცინაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დაწესებულებებში, სადაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირების რისკი, მაგალითად, ციხეებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებში, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

ამ რეკომენდაციით, ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა გაუკეთდეთ იმ პირებს, რომლებმაც უკანასკნელი დოზა მინიმუმ ექვსი თვის წინ მიიღეს.

აშშ-ში COVID-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა გამოიყენება. სრულად არის აცრილი მხოლოდ 182 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 55%.

სხვა ქვეყნებში უკვე ატარებენ ვაქცინაციის მესამე რაუნდს. ამას მკაცრად ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ ღარიბ ქვეყნებს საბაზისო ვაქცინაციისთვის საკმარისი დოზებიც კი არ მოეპოვებათ.

XS
SM
MD
LG