Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

USAID-ის განცხადებით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამჟამად მის დაუხმარებლად ოპერირებს


ცესკოს ახალი სტრუქტურის, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შესახებ განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

როგორც ის აღნიშნავს, 2020 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, დაეხმარა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაციის დაცულობის ცენტრის დაარსებაში. USAID-ის განცხადებით, ცენტრის დაარსების მთავარი ამოცანა იყო ცესკოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მოგვიანებით USAID-მა შეწყვიტა ცენტრის დახმარება.

„თუმცა მოგვიანებით შევწყვიტეთ ეს მხარდაჭერა და ცენტრი ამჟამად ამერიკის მთავრობის დახმარების გარეშე ოპერირებს. ცენტრის ფუნქციონირებაზე მთლიანად პასუხისმგებელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მივესალმებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრის მუშაობაში ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებას და მათ მიერ ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს“, - აცხადებს USAID-ი.

USAID-ი თითქმის 30 წელია, საქართველოში ხელს უწყობს თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს.

ცესკოს ახალი სტრუქტურის, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქმის მთელი ქართული მედია დეზინფორმაციის გავრცელებაზე მუშაობს.

ზოგიერთმა მედიაორგანიზაციამ საკუთარი თავი ცესკოს მონიტორინგის ცხრილებში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. აგვისტოში „დეზინფორმაციის გამავრცელებელთა“ ცხრილებში მოხვდა რადიო თავისუფლებაც, თუმცა შემდეგ ცესკოში ყველაფერი მექანიკური შეცდომით ახსნეს, ცხრილები ჩაასწორეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG