Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უმასპინძლა ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის ლიდერებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უმასპინძლა აშშ-ის, ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის ლიდერების შეხვედრას. Quad-ის სახელით ცნობილი ალიანსის სამიტზე, რომელიც 24 სექტემბერს შედგა, მხარეებმა აღნიშნეს თავისუფალი, სტაბილური და ღია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე არ უხსენებიათ ჩინეთი, მაგრამ რეგიონში პეკინის პოლიტიკა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. აშშ უკანასკნელ ხანებში ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონს სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ბაიდენის თქმით, შეხვედრის წევრი ქვეყნები გლობალური გამოწვევების წინაშე დგანან. „ჩვენ ვართ ოთხი დიდი დემოკრატია თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორიით. ჩვენ ვიცით, როგორ მოვაგვაროთ საკითხები და მზად ვართ გამოწვევებისთვის“, თქვა მან.

სამიტზე გაჟღერებული ფორმულირება - „თავისუფალი და ღია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი“ - მიანიშნებს საერთო შეშფოთებაზე რეგიონში ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და სამხედრო გავლენის გამო.

სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში Quad-ის ლიდერებმა პირობა დადეს, იზრუნონ თავისუფალი და ღია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელშიც „ადგილი არ ექნება დაშინებას“.

სამიტის დღის წესრიგში იყო ასევე COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია, ინფრასტრუქტურა, კლიმატის ცვლილება და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა.

ოთხმხრივი სამიტის დაწყებამდე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ბაიდენთან პირველი შეხვედრა გამართა პირისპირ.

XS
SM
MD
LG