Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგო ჩიხლაძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლების აკისრებს


Georgia -- Sergo Chikhladze.
Georgia -- Sergo Chikhladze.

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შემოდგომის ბოლოს კორონავირუსის „მეხუთე ტალღაა“ მოსალოდნელი და ამის მიზეზი მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის არარსებობა და აცრის ტემპის ვარდნა იქნება.

„სამწუხაროდ, ე.წ. მეხუთე ტალღა მსოფლიოშიც და საქართველოშიც, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს იქნება, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მომზადებული დახვდება ქვეყანა ამ „მეხუთე ტალღას“. ასეთი მოუმზადებლობით, რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმე იქნება, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებმაც „მეოთხე ტალღის“ პირობებშიც კარგად მართეს სიტუაცია და ასეთი მაღალი არც სიკვდილიანობა ჰქონდათ, არც ავადობის შემთხვევები. ხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება. ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, ყველა ტალღის პირობებში“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისი ვარაუდით, საქართველო წლის ბოლომდე ვერ აცრის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს, რაც, მისი სიტყვებით, „ძალიან მძიმე ზამთრის“ წინაპირობაა.

„სამწუხაროდ, გარდაცვალებისა და დაინფიცირების თვალსაზრისით, კვლავ მაღალი ციფრები გვექნება. ეს პასუხისმგებლობა კი სრულად ადევს კისერზე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

26 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახლა ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ქვეყანაში სწორედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG