Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია კიდევ ერთი მოქალაქე


ერგნეთი. 2021 წლის 27 სექტემბერი
ერგნეთი. 2021 წლის 27 სექტემბერი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა. მის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებსა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. ამ წლის განმავლობაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 33 მოქალაქე.

ერგნეთის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გელა გოჭოშვილი. „სამწუხაროდ, დაკავების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნა დაგვიანებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ კრიმინალურ აქტივობას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისი ინფორმაციით, გელა გოჭოშვილი კასპის მუნიციპალიტეტიდანაა, გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოში არ იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი, ახალგორში ცხოვრობს.

ანთაძის თქმით, ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გოჭოშვილის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ, დღევანდელ შეხვედრაზე მიიღებენ.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გენადი ბესტაევი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები, 2019 წელს დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG