Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ენკასთან“ დაკავშირებით პრეზიდენტ ერდოანთან კომუნიკაცია არ მქონია


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებელ ინვერტორ კომპანია „ენკასთან” დიალოგი და კომუნიკაცია გაგრძელდება. თუმცა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი კომუნიკაცია აქ ჰქონია.

„ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა ისე, როგორც ძალიან ბევრი რამ დამხვდა მემკვიდრეობით და ამ კონტექსტში ძალიან ბევრი რამ იყო მიუღებელი და ამის თაობაზე მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლება, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხდება, მეც მაწუხებდა, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ეს სავსებით ნორმალურია.

ჩვენ მათ ყველა პირობა შევუქმენით, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და ამას 1 თვეში გავარკვევთ, შემდგომ ბედს.

რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია ამის შესახებ პრეზიდენტ ეროდოანთან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია და ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი სიტყვებით, „არავინ არ იცის, რამდენის გადახდა მოგვიწევს“ ჩაშლილი პროცესის გამო, მისი განმარტებით, ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა.

„თუ კომპანია დატოვებს. დაითვლება, აუდიტს გააკეთებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც შეაფასებს მის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მილაპარაკება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, ასე რომ, პრობლემას მე ვერ ვხედავ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა” საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს ჰესის აშენებაზე.

ინვესტორი კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევით და ფორსმაჟორით ხსნის. პოლიტიკურ ფორსმაჟორად, ხელშეკრულების მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, მიიჩნევა „ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რაც ხელს უშლის მშენებლობას ან “პროექტის” ოპერირებას ან ზოგადად “პროექტს” და ხანგრძლივობით აღემატება 21 დღეს ჯამში ნებისმიერი ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში”. „რიონის ხეობის მცველების” პროტესტი კარვებში 300 დღეზე მეტია გრძელდება.

XS
SM
MD
LG