Accessibility links

site logo site logo

სან-მარინოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა აბორტების ლეგალიზებას


სან-მარინოს მოქალაქეებმა ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს აბორტების ლეგალიზებას. ფეხმძიმობის შეწყვეტის ამკრძალავი ძველი, 1865 წლიდან მოქმედი, კანონის გაუქმებას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეთა 77,28%-მა, წინააღმდეგი იყო - 22,71%.

სანმარინოელებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ფორმულირებას, რომლითაც ქალებს ნება ეძლევათ შეწყვიტონ ფეხმძიმობა ნაყოფის ჩასახვიდან მე-12 კვირამდე. ამ ვადის შემდეგ აბორტის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ საფრთხე ემუქრება დედის სიცოცხლეს ან ნაყოფს აქვს იმგვარი გადახრა, რაც შესაძლოა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიზეზი გახდეს.

რეფერენდუმის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო სან-მარინოს ქალთა კავშირი.

ქვეყანაში მანამდე მოქმედი, 1865 წლის კანონის თანახმად, ქალებს, რომლებიც აბორტს გაიკეთებდნენ, სამ წლამდე, ხოლო მედიცინის მუშაკებს - ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. ამიტომ სანმარინოელი ფეხმძიმე ქალები აბორტის გასაკეთებლად მიემგზავრებოდნენ მეზობელ იტალიაში, სადაც ორსულობის შეწყვეტა 1978 წლიდან არის ნებადართული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG