Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატო სურგულაძე: ხალხს არჩევნებზე მთავრობის ტყუილები გამოიყვანს


ვატო სურგულაძე, "ლელოს" წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოზე
ვატო სურგულაძე, "ლელოს" წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოზე

პარტია „ლელოს“ წევრმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბურთალოზე ვატო სურგულაძემ რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ თქვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველს მიიყვანს იგივე, რამაც 2012 წელში მიიყვანა. მისი თქმით, ეს არის გაუსაძლისი სიტუაცია და „ამდენი ტყუილი ტყუილზე“.

„ძალიან ხშირად, როდესაც საუბრობს ამხანაგი პრემიერ-მინისტრი, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მე მართლა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ და ესენი სხვა ქვეყანას მართავენ. ამის წინ გავიხუმრე კიდეც, საქართველოში ვიზა არ არის-მეთქი, როცა ამათ ვუსმენ, იქ მინდა ვიცხოვრო“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ „საღამოს საუბრებში“, რომელშიც განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ხალხის გაჭირვებას.

„ხვალ რა იქნება [არ იციან], რომ შეიძლება ფასებმა მოიმატოს, დენმა მოიმატოს, ყველაფერი მოსალოდნელია. ამიტომ ეს გაუგებრობა, არაადამიანობა და მუდმივი ტყუილები მოიყვანს ხალხს არჩევნებზე. დღეს კიდევ ერთი იყო, ვინც მართავს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, ვინც მოგვიწოდებს არ შეიკრიბოთო, "სტუდია მონიტორმა" გადაუღო შესაბამისი სურათი იმისა, რომ ყველანაირი წესების დარღვევით მიმდინარეობს კარგი დიდი ქეიფი. მთავრობის მხრიდან ეს ტყუილები გამოიყვანს ხალხს არჩევნებზე“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ „საღამოს საუბრებში“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მასში სულ 43 საარჩევნო სუბიექტი იღებს მონაწილეობას. თბილისის საკრებულოში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 15 სუბიექტისა და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები იბრძოლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG