Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში შეხვედრა შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა


ერგნეთი
ერგნეთი

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფელ ერგნეთში შვიდ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ეს იყო რიგით 102-ე შეხვედრა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხები. ასევე, განიხილეს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და ბორდერიზაციის პროცესზე.

„განვიხილეთ ქეისების მიხედვით თითოეული კონკრეტული მაგალითი. პრინციპულად დაფიქსირდა პოზიცია. ოკუპაციის ამ თანმდევი მოვლენის შედეგად უამრავი ოჯახი დარჩა სახნავ-სათესი მიწის გარეშე. სოფლებმა დაკარგეს სავარგულები და საფრთხე შეექმნა მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულებს, გენადი ბესტაევს და გელა გოჭოშვილს, ეს საკითხიც დასმული იქნა, მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის და სტატუსის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას. რაც შეეხება გენადი ბესტაევს, ეს საკითხიც დაისვა პრინციპულად და გამახვილდა ყურადღება, იმ გარემოებაზე, რომ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 14 თვეზე მეტხანს, რაც ცდება ყოველგვარ ლოგიკას. რა თქმა უნდა მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ერგნეთის შეხვედრაზე ისევ მოითხოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არსებული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ოსურ მედიას უთხრა: „მთავარი საკითხად რჩება ქართველი პოლიციელების უკანონო საგუშაგო ოსურ სოფელ უისტაში. მე არ შემიძლია გაგახაროთ და ვთქვა, რომ სიტუაცია წინ წავიდა, მაგრამ ჩვენ კვლავაც ვითხოვთ საგუშაგოს მოხსნას. ამ საკითხთანაა დაკავშირებული მრავალი პრობლემური საკითხი, მათ შორისმ გადაადგილება გამშვებ პუნქტებზე და სამედიცინო დახმარების მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე".

კოჩიევის ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის დარღვევის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ირაკლი ანთაძემ თქვა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები „ცხელი ხაზის" მეშვეობით. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 12-13 ოქტომბერს გაიმართება, აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG