Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია


ანატოლი ბიბილოვი გაგრაში. 2021 წლის 27 სექტემბერი
ანატოლი ბიბილოვი გაგრაში. 2021 წლის 27 სექტემბერი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი გაგრძელდება. როგორც აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ბიბილოვმა განაცხადა გაგრაში, სადაც გვირგვინი მიიტანა „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომში სამხრეთ ოსეთის დაღუპული მოხალისეების ძეგლთან“.

ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა 27 სექტემბერს, ე.წ. „სოხუმის გათავისუფლების დღეს“, რომელიც დანარჩენი საქართველოსთვის სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღეა.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტის აღიარება შეუქცევადი პროცესია და მნიშვნელობა არ აქვს ეს ერთი წლის შემდეგ იქნება, თუ ორის. „სირიის მხრიდან აღიარება ამის დასტურია. ჩვენ გვაღიარეს და გვაღიარებენ. ამაში ეჭვი არ მეპარება. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და რუსეთის ფედერაცია ამაზე ერთად მუშაობენ“, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG