Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ერთ თვეში მეოთხედ დაფიქსირდა დღე-ღამეში COVID-19-ით სიკვდილის სარეკორდო რიცხვი


რუსეთში ერთ დღე-ღამეში COVID-19-ით სიკვდილიანობის სარეკორდო რიცხვი დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 28 სექტემბრის დილის მაჩვენებლებით გარდაიცვალა 852 ადამიანი.

უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ეს მაქსიმალური მაჩვენებელი მეოთხედ განახლდა. გარდაცვლილთა სარეკორდო რიცხვი უკანასკნელად დაფიქსირდა 24 სექტემბერს, როცა 828 ადამიანის სიკვდილის შესახებ იტყობინებოდნენ. დაავადების გავრცელებასთან ბრძოლის ფედერალური შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან რუსეთში 205531 ადამიანი გარდაიცვალა ამ დაავადებით.

როსსტატის ცნობით კი, COVID-19-ით და მასთან დაკავშირებული შედეგებით მარტო ივლისამდე გარდაიცვალა 365 ათასამდე ადამიანი. ბევრი დემოგრაფი მიუთითებს ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, რომლითაც აღინიშნება, რამდენად აღემატება სიკვდილიანობა საშუალო სტატისტიკურ ნიშნულს. ივლისში მან 530 ათას ადამიანს გადააჭარბა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ სიკვდილიანობის უდიდესი ნაწილი შეიძლება მიეწეროს კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ გართულებებს.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 21559 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან ეს მაჩვენებელი 7464708-ს შეადგენს. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, მოსკოვის ხელისუფლება არ გამორიცხავს სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ გაუქმებული საკარანტინო შეზღუდვების კვლავ შემოღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG