Accessibility links

site logo site logo

ოჯახის ექიმებს და ექთნებს ანაზღაურება გაეზრდებათ, თუ 60 წელზე ზემოთ პირებს ვაქცინაციაში დაარწმუნებენ


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წელზე მაღალი ასაკის პირების ვაქცინაციის აუცილებლობაში დასარწმუნებლად სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება. ამის თაობაზე მინისტრის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„მინდა შევჩერდე 60 წელზე ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაციაზე, ეს ჯგუფი არის განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფი. ამდენად, ჩვენთვის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაცია მიიღოს ყველა მოქალაქემ, რომელიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში. რადგან აქ არის გართულებების, ჰოსპიტალიზაციის, არასასურველი გამოსავლების რისკი. ოჯახის ექიმი და ექთანი, როგორც სოფლად, ასევე ქალაქებში არის ყველაზე ახლოს ამ ჯგუფის მოქალაქეებთან, რადგან მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადება, ისინი ოჯახის ექიმებს იცნობენ, ამდენად, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დღეს-ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების მეტად აქტიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში და შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას. რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის ამ მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას და აიცრება, ანაზღურება მოხდება შესაბამისად ოჯახის ექიმის და ექთნის. იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და მეტად აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ასევე გამოიყოფა ადმინისტრაციული რესურსი უბანზე მუშაობის გასააქტიურებლად, რაც შეიძლება ნიშნავდეს სატელეფონო ზარს, ბინაზე ვიზიტს და ა.შ.

„მოქალაქეს, თუ მას სჭირდება მეტი ახსნა-განმარტება და მეტი დარწმუნება ვაქცინაციის პროცესში მოსვლასთან დაკავშირებით, მან ეს მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან და ექთნისგან, ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ დაბალი ტემპი, რაც ჩვენ გვაქვს 65-60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, დაიფაროს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

28 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა, სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34,3%. სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27,5%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 8884 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან მხოლოდ 3 იყო სრულად ვაქცინირებული.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG