Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძის განცხადება დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია - ქარტია


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის იმ შეფასებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უწოდა რადიკალი და აღნიშნა, რომ მასზე „უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კახა კალაძის განცხადებას და მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის.

„ეს მედიის მიმართ სიძულვილის წახალისებაა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ადრეც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მან 2021 წლის 20 ივლისს მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა საქართველოში ქმნის პოლარიზებულ მედიაგარემოს და უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

მაშინ, როცა ჟურნალისტი კახა კალაძეს კითხვებს უსვამდა 5 ივლისის მოვლენებსა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ "ქართული ოცნების" წარმოებულ კამპანიაზე, თბილისის მერობის კანდიდატმა მას უწოდა რადიკალი და თქვა, რომ მასზე „უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG