Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს: თქვენზე დიდი რადიკალი, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს


„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მის მიერ დასმული კითხვის პასუხად მიმართა, რომ მასზე ბინძური და რადიკალი ადამიანი ქვეყანაში არ არსებობს.

კახა კალაძემ ტყუილი უწოდა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ დაქირავებული ჰყავს ისრაელელი პიარტექნოლოგი, რომლის ინსტრუქტაჟითაც მოქმედებს წინაასარჩევნოდ.

„ეგ არის ტყუილი, თქვენი ტყუილები და სიცრუე, ერთადერთხელ, როდესაც ჩვენ მათთან ვმუშაობდით, ეს იყო 2017 თუ 2018 წელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მის ამ კომენტარს ჟურნალისტის გამოხმაურება მოჰყვა: „ტყუილი და ფეიკი მგონი გავიგეთ, ვისი ხელწერაც არის და დიფფეიკების გამოქვეყნებას როდის აპირებთ, ბატონო კახი?“

„მორჩით ახლა“, - უპასუხა კალაძემ.

ჟურნალისტი: "მედიაზე შეტევა უკვე ვნახეთ, 5 ივლისს სადამსჯელო ოპერაცია მოგვიწყვეთ, გახარიას „კოკაინშიკი“ ნამდვილად უწოდეთ".

კახა კალაძე: "მე მგონი, უნდა შეარჩიოთ სიტყვები, კახა კალაძეს არავისთვის არაფერი არ მოუწყვია და არც „ქართულ ოცნებას“.

ჟურნალისტი: „ქართული ოცნების" წევრი არ ხართ? მართული ჯგუფები არ იყო? რადიკალები?“

კახა კალაძე: "არც "ქართულ ოცნებას" და არც კახა კალაძეს არაფერი არ მოუწყვია.

ჟურნალისტი: "აბა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება რა იყო, ფაქტებს გიყვებით, ბატონო კახი, თქვენ გამოიყვანეთ რადიკალები გარეთ. ევროკავშირის ოფისთან თქვენი მხარდამჭერები მივიდნენ".

კახა კალაძე: "თქვენზე დიდი რადიკალი და თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, აი, თქვენ ხართ ამის სახე".

ჟურნალისტის გამოხმაურებაზე, რომ კახა კალაძე მის დისკრედიტაციას ცდილობს, თბილისის მერობის კანდიდატმა უპასუხა - „იმაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა, ნახე, სად მუშაობ?“

„თქვენ ვერ ნახავთ ჩემს ვერცერთ განცხადებას, რომ მე ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს, ოპონენტზე", - თქვა კალაძემ.

ჟურნალისტი: "ორი წუთის წინ გააკეთეთ ეს, გამლანძღეთ".

კახა კალაძე: არა, არა, ეს არის თქვენი სატელევიზიო ეთერები, შეგიძლიათ ნახოთ, ის საარჩევნო კლიპები, ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის ბოროტება, ეს არის ყველაზე სიბინძურე, რაც კი შეიძლება მოიგონოს ადამიანმა, ცილისწამება".

„მთავარი არხის“ ინფორმაციით „ქართული ოცნების“ პიარტექნლოგი მოშე კლუგჰაფტია, რომლის მიერ მომზადებული სტრატეგიის დოკუმენტი, არხმა მოიპოვა და რომ დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია ოპოზიციური სატელევიზიო არხების დისკრედიტაცია და მათთვის ძირის გამოთხრა, ასევე საუბარია ოპოზციიური პარტიების მიმართ "ქართული ოცნების" სტატეგიაზე, მათ შორის ყოფილი პრემიერის, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებლის გიორგი გახარიას დისკრედიტაციის კამპანიის თაობაზეც. კერძოდ, რომ ყოფილი პრემიერი "ქართული ოცნების" საკვანძო მეტოქეა და მის წინააღმდეგ ნარატივის მთავარი ხაზი უნდა იყოს კორუფცია, ნარკოტიკების მოხმარებასთან და სახელმწიფოს მოღალატეობასთან დაკავშირებული ბრალდებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG