Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის დამკვირვებლები საქართველოში არიან


თბილისში ჩამოვიდნენ ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც ეუთოს(OSCE) და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის(ODIHR) მისიის ფარგლებში დააკვირდებიან 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს.

ევროპარლამენტის ესტონელმა დეპუტატმა, მარინა კალიურანდმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, პატივი სცენ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და შეფასებას, რომელსაც OSCE/ODIHR-ი გამოაქვეყნებს.

ევროპარლამენტის ჩეხი დეპუტატის, მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს, მიდის თუ არა საქართველო ევროპული გზით. გრეგოროვას თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოში არიან, რათა დააკვირდნენ, ხომ არ განმეორდება წინა არჩევნებისას მომხდარი მანიპულაციები.

ევროპარლამენტარები გრეგროვა და კალიურანდი მიიჩნევენ, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განზრახვა, საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდეს, სიტუაციას გაართულებს და ხელს არ შეუწყობს არასტაბილურობის და პოლარიზაციის დაძლევას.

მარინა კალიურანდსა და მარკეტა გრეგოროვასთან ერთად, 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან ევროპარლამენტარები მიხაელ გალერი (გერმანია), რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელია, მირიამ ლექსმანი(სლოვაკეთი), კატალინ ჩე(უნგრეთი), ჯორდი სოლე(ესპანეთი)
და ანა ფოტიგა(პოლონეთი).

ევროპარლამენტარები შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და ეუთოს ჯგუფის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. წინასწარ არ დასახელდება საარჩევნო უბნები, სადაც ევროპარლამენტარები კენჭისყრის დღეს, 2 ოქტომბერს მივლენ.

XS
SM
MD
LG