Accessibility links

site logo site logo

ენმ ქართულ ოცნებას მათი მომხრეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს


"ნაციონალური მოძრაობა" მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წევრებსა და აქტივისტებს მათი მხარდამჭერებისთვის მოტყუებით პირადობის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ამ გზით სურს მმართველ პარტიას მათ მხარდამჭერებს ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდეთ.

პარტიის ზუგდიდის ოფისში პარლამენტარმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც მისივე სიტყვებით, დასტურდება მათი ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ჩამორთმევის ფაქტები. მისი თქმით, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდის რაიონში, სოფელ რიყეში - 30-მდე ადგილობრივ მცხოვრებს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა.

"ჩვენი ინფორმაციით, მაყვალა ანთიას შვილი იმყოფება პატიმრობაში, კონტრაბანდაზე და სწორედ პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ "ქართული ოცნება" სთხოვს პირადობების აკრეფას. მოვუწოდებ პირველ რიგში ოპოზიციის ამომრჩეველს, ნუ მისცემთ პირადობის მოწმობებს ნურავის, არ დაუჯეროთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან მოდიან ნაციონალური მოძრაობის სახელით", - განმარტა ანა წითლიძემ.

მან მოუწოდა პროკურატურას, დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე გამოძიება, დაიკითხონ "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი დათო დავითულიანი და საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, რადგან "ისინი გასცემენ ამ უკანონო ბრძანებებს".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში მოკლე კომენტარით უპასუხეს:

"მათ მიერ ნახსენები ადამიანები არ არიან არც "ქართული ოცნების" წევრები, მეტიც არ არიან ჩართული არც საშტაბო და არც სხვა რაიმე სახის საარჩევნო საქმიანობაში. პროვოკაციის ავტორი თავად "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც ბელადისგან აქვს დავალება მიღებული რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა და პროვოკაცია შექმნან ყველგან. თუმცა არ გამოსდით, რადგან მათი ხერხები ამომრჩევლისთვის ცნობილია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG