თალიბანმა „ფართო მასშტაბის აკრძალვები დააწესა მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე“ მას შემდეგ, რაც ძალაუფლება აიღო ხელში აგვისტოში, აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW).
სექტემბერში თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ ჟურნალისტებისთვის გამოსცა წესების სია, რომელიც, კრიტიკოსთა თქმით, გზას უხსნის ცენზურასა და დევნას.
„მიუხედავად თალიბანის დაპირებებისა, რომ მუშაობის საშუალებას მისცემს მედიას, რომელიც ‘პატივს სცემს ისლამის ღირებულებებს’, ახალი წესები ახრჩობს ქვეყანაში მედიის თავისუფლებას,“ განაცხადა Human Rights Watch-ის აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ, პატრიშა გოსმანმა 1 ოქტომბერს.
აგვისტოს შუა რიცხვებში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბანმა განაცხადა, რომ მედია „თავისუფალი და დამოუკიდებელი“ დარჩება, თუკი ის „ისლამური პრინციპების“ შესაბამისად იმოქმედებს, იქნება სამართლიანი და „ეროვნულ ინტერესებს“ მოემსახურება.
თალიბანმა 19 სექტემბერს გამოაცხადა ჟურნალისტიკის 11 ახალი კანონი, რომლებიც ჟურნალისტებს უკრძალავს ისეთი მასალების ეთერით გადაცემას ან გამოქვეყნებას, რომლებიც „ეწინააღმდეგება ისლამს“, „შეურაცხყოფს ეროვნულ პირებს“ ან არღვევს „პირად სფეროს“.
მასალების გამოქვეყნებამდე მედიასაშუალებებმა ასევე „დეტალური ანგარიშები უნდა მიაწოდონ“ ახალ სამთავრობო მარეგულირებელ ორგანოს.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების თქმით, ბუნდოვნად ფორმულირებული წესები შესაძლოა ჟურნალისტების დევნისთვის იქნეს გამოყენებული.