Accessibility links

site logo site logo

ქართველი მთამსვლელები ისტორიული ექსპედიციიდან დაბრუნდნენ


პაკისტანიდან დაბრუნებული ქართველი მთამსვლელები უკვე მომავალ ექსპედიციაზე ფიქრობენ.

მთამსვლელები არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი დღეს დაბრუნდნენ პაკისტანიდან, სადაც ახლახან, ჰინდუკუშის მთათა სისტემის ორი მწვერვალი დალაშქრეს. ქართველებმა ჯერ სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტი აირჩიეს და წარმატებასაც მიაღწიეს, შემდეგ კი ლანგუტა-ბარფის 6833-მეტრიანი მწვერვალიც დაიპყრეს.

სარაგრარს აქვს მრავალფეროვანი მწვერვალები, ყველაზე მაღალი ჩრდილო-აღმოსავლეთით 7340 მეტრი სიმაღლეზე, სადაც პირველად 1959 წელს ავიდა იტალიური ექსპედიცია, ფოსკო მარინის ხელმძღვანელობით. ლანგუტა-ბარფი კი პირველად 1963 წელს დალაშქრა პოლონურმა ექსპედიციამ, თუმცა საქართველოს ნაკრები პირველია, რომელმაც წარმატებით მიაღწია მწვერვალს სამხრეთიდან და ქართულ მთამსვლელობას საერთაშორისო სარბიელზე მორიგი აღიარება მოუტანა.

თბილისის აეროპორტში, ქართველ მთამსვლელებს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე დახვდა.

„ეს იყო ფანტასტიკური ექსპედიცია. ბიჭების შემართებამ და ფიზიკურმა და სულიერმა მომზადებამ იდეალური შედეგი გამოიღო. სპორტის მოყვარულთათვის უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ეს წარმატება დაახლოებით ისეთივე რეზონანსულია, როგორიც ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება და ამ ასვლას უკვე მოჰყვა დიდი საერთაშორისო რეზონანსი. ეს არა მარტო ჩვენი მთამსვლელობისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის საამაყო მიღწევაა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ავთანდილ ცინცაძემ.

წარმატებული ექსპედიცია მთამსვლელებმაც შეაჯამეს. არჩილ ბადრიაშვილმა თქვა, რომ ორივე ასვლაზე საკმაოდ კარგად გრძნობდნენ თავს და სწორედ ეს დაეხმარათ ბევრი წინაღობის გადალახვაში.

ბაქარ გელაშვილმა აღნიშნა, რომ თავიდან ექსპედიციის წევრები შედარებით დაბალ სიმაღლეზე ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი უფრო მიმზიდველ და რაც მთავარია ურთულეს მარშრუტზე შეაჩერეს

გიორგი ტეფნაძის განცხადებით, სიტყვებით ძნელია გადმოცემა, რა სირთულის მარშრუტი დაძლიეს ქართველმა მთამსვლელებმა და ხალხი ამას უკეთ დაინახავს, როდესაც ექსპედიციის დეტალური აღწერილობა დაიდება.

პაკისტანიდან დაბრუნებული ქართველი მთამსვლელები უკვე მომავალ ექსპედიციაზე ფიქრობენ. სავარაუდოდ ისევ ჰიმალაებისკენ აიღებენ გეზს. კონკრეტულად რომელ მწვერვალზე და როდის, უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG