Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი ხალხს სიძულვილისა და სიცრუის დასამარცხებლად არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.

"ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. დღეს ნაციონალური მოძრაობა, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი - არსებული მონაცემებით, ჩვენი კანდიდატები და პარტია დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებში უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს...

ნაციონალურ მოძრაობას უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო რეფერენდუმი - ეს დღე გახდა რეფერენდუმი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც დღეს ქართული საზოგადოება გამოუტანს განაჩენს საბოლოოდ", - განაცხადა მან.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG