Accessibility links

site logo site logo

კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილზე: ნებისმიერი ბრალდება უნდა შემოწმდეს


არქივი, 2014 წელი

შვეციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი ტვიტერზე წერს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ევროპისთვის მიუღებელია და საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ობიექტურ შემოწმებას საჭიროებს.

„სააკაშვილმა იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა [საქართველოში] დაბრუნება. პოლიტიკური მართლმსაჯულება მიუღებელია დღევანდელ ევროპაში და მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდება უნდა შემოწმდეს ნამდვილად სამართლიან სასამართლო პროცესზე“ - წერს ბილდტი ტვიტერზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მანამდე, მან გაავრცელა ბათუმში გადაღებული რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩამოსვლის შესახებ იტყობინებოდა. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს არც უკრაინა დაუტოვებია და არც საქართველოს საზღვარი გადმოულახავს.

მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე პატიმრობა ორ საქმესთან დაკავშირებით აქვს მისჯილი:

2018 წელს მას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის.

ასევე 2018 წელს, მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ ფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის - ე.წ. „პიჯაკების საქმე“) და 2007 წლის 7 ნოემბერს „მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა“ და „ხელში ჩაგდების“ მიზნით „ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებთან“ დაკავშირებით.

1 ოქტომბერს შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სააკაშვილთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG