Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მაგნატმა, ტელმან ისმაილოვმა, მონტენეგროს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა


მოსკოვის ჩერკიზოვის ბაზრის ყოფილმა მფლობელმა, ტელმან ისმაილოვმა, პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა მონტენეგროში მას შემდეგ, რაც რუსი მაგნატი მოსკოვის თხოვნის საფუძველზე 1 ოქტომბერს დააკავეს პოდგორიცეში.

ამან შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი ექსტრადირება რუსეთში, სადაც იგი ბრალდებულია შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში და უვადო პატიმრობა ემუქრება.

ისმაილოვი ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი იყო რუსეთში. 2012 წელს ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად მისი ქონება 800 მილიონ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული. მას ეკუთვნოდა ჩერკიზოვის ბაზარი, რესტორანი „პრაღა“ მოსკოვის ცენტრში, სასტუმრო ბიზნესი და გამომცემლობა.

რუსეთის მედია ჩერკიზოვის ბაზარს ხშირად უკავშირებდა ორგანიზებულ დანაშაულს. ისმაილოვის ბიზნესს პრობლემა შეექმნა 2009 წელს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა, იმხანად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ბაზრის ტერტორიაზე დიდი რაოდენობით კონტრაბანდის არსებობის შესახებ განაცხადა.

ბაზარი დაიხურა. მის ადგილზე ხელისუფლება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენების პირობას დებდა, მაგრამ სულ მალე ამ ტერიტორიაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინები ააშენეს.

ხოლო ტელმან ისმაილოვი 2015 წელს გაკოტრებულად გამოცხადდა. 2017 წელს მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა ორი ბიზნესმენის, ვლადიმირ სავკინისა და იური ბრილიოვის, მკვლელობის საქმეზე.

ამავე საქმეზე 13 წლით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა ტელმან ისმაილოვის ძმას, რაფიკს. დანაშაულის შემსრულებელმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას 13 წელი შეეფარდა. ტელმან ისმაილოვის დაცვა აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG