Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საელჩო იზიარებს 2 ოქტომბრის არჩევნების შესახებ OSCE/ODHIR-ის შეფასებებს


დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთოს(OSCE) და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის(ODIHR) მისიის შეფასებას, რომ საქართველოს ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ამის შესახებ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური მისია აღნიშნავს, რომ შეშფოთების გამომწვევი საკითხები განხილული უნდა იყოს. საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ყველა პოლიტიკური პარტია ჩაატარებს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამის კამპანიას.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7%-ზე მეტი აქვს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლებათ სხვა პარტიებსაც, მათ შორის, "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლება"-ს და "ანა დოლიძე-ხალხისთვის".

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%. მაჟორიტარი წევრების პირველივე ტურში ასარჩევად ბარიერი 40%-ია.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

2 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 51.92% იყო.

XS
SM
MD
LG