Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში


ზურაბ ჭიაბერაშვილი, ილიაუნის პროფესორი
ზურაბ ჭიაბერაშვილი, ილიაუნის პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ჭიაბერაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებსაც და ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ჯერ კიდევ აქვს წარმოდგენა, რომ საქართველო დაზიანებული, ნაკლული, მაგრამ ჯერ კიდევ დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა ეს ასე არ არის. გადაცემაში ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს:

„ავტორიტარული რეჟიმის პირობებში კი მსხვერპლი არის არა მარტო პოლიტიკური ოპოზიცია, მედია, განსხვავებული ადამიანები, არამედ მთლიანად საზოგადოება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, საზოგადოება არის პოლიტიკური პოლარიზაციის მსხვერპლი, პოლარიზაცია და თამაშის წესები კი შემოთავაზებულია მმართველი პარტიის ლიდერების, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა მდინარაძის და ზოგადად ბიძინა ივანიშვილის მიერ.

„თუ ჩვენ ჯერ კიდევ გვგონია, რომ უფსკრულში არა ვართ, შეიძლება გადავიჩეხოთ და აქედან ბელორუსია არ გამოვა, ჩვენი ეს ბრიყვული წარმოდგენა, რომ ამაზე უარესი არ იქნება, განაპირობებს ღარიბაშვილის, მდინარაძის და მათ თავხედობას, რომ კიდევ უფრო დაბლა დაგვწიონ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ საქართველო უკვე უფსკრულშია, ფუნდამენტური საკითხი კი, რაც პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას და ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის თავზეც არ აღიარებს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების უფლებას არსებობაზე:

„ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის მიუღწევლობა განპირობებულია თვითონ ხელისუფლებაში დაბუდებული აზრით, რომ მათ ქვეყანა უნდა მართონ მხოლოდ და მხოლოდ იმ ლეგიტიმაციით, რომ მას მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვინც 41 შემოხაზა. როგორ შემოხაზა, ეს უკვე ეუთო-ოდირიდან, საელჩოების განცხადებებიდან ნათელია, მაგრამ წმინდა ფორმალისტურადაც რომ მივუდგეთ მხოლოდ რიცხვებს, ისინი გამოხატავენ მხოლოდ ამ ადამიანების აზრს, თითქოს სხვა ადამიანები არ არსებობენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა დღეს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „დილის საუბრებში“.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7%-ზე მეტი აქვს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მათ შორის თბილისის საკრებულოში წევრები ეყოლებათ "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლებას" და "ანა დოლიძე-ხალხისთვის". პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

2 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 51.92% იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG