Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხვა ბაბინ იარი


34 ათასი უკრაინელი ებრაელი დახვრიტეს და ჩაყარეს ხევში, რომელიც ბაბინ იარის სახელით არის ცნობილი.

ოცკაციანი ჯგუფი კიევის დასავლეთით მიემართებოდა. სოფელ ლიპოვეცთან ნაცისტმა ჯარისკაცებმა გააჩერეს და უბრძანეს, ორი ორმო გაეფართოებინათ.

ადგილობრივი ტიხონ ლისაკი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ მეორე დღეს პოლიციამ ამ ორმოებთან 700 კაცი მორეკა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. მათ უბრძანეს გაეხადათ და ორმოში ჯგუფ-ჯგუფად (20-30 კაცი) ჩაწოლილიყვნენ.

ამის შემდეგ გერმანელმა ჯალათებმა ისინი ავტომატებით დაცხრილეს“, - ლისაკი იხსენებს, რომ ორმოში, სადაც ცხედრებთან ერთად ჯერაც ცოცხალი ადამიანებიც იყვნენ, ებრაელების კიდევ ერთი ჯგუფი ჩაყარეს, - საფლავის მიწა რამდენიმე საათი კიდევ იძვროდა“.

ის, რაც 80 წლის წინათ ბაბინ იარში მოხდა ებრაელების მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფაქტად არის აღიარებული. მაგრამ 1941 წლის 29-30 სექტემბრის ხოცვა-ჟლეტა უნიკალური შემთხვევა ნამდვილად არ იყო. თანამედროვე უკრაინის რუკაზე ასობით ადგილია, რომელიც ჰოლოკოსტის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ არანაკლებ სასტიკ ქმედებებზე მიუთითებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად: „დახვრიტეს 800 საბჭოთა მოქალაქე, უმეტესობა ებრაელი“.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში მასობრივი ჟლეტის მსხვერპლთა რაოდენობა ერთეულებიდან ათასებამდეა. ბევრი ადგილი მონუმენტით არის აღნიშნული, რომ მომხდარი მეხსიერებიდან არ წაიშალოს.

მემორიალი ლიპოვეცში
მემორიალი ლიპოვეცში

1941 წლის 22 ივნისს ნაცისტები საბჭოთა კავშირში შემოიჭრნენ. ამას მალევე მოჰყვა ებრაელების, ე.წ. ბოშების, უკრაინელი ნაციონალისტების, სასულიერო პირების, ომის ტყვეებისა და სხვა მათთვის არასასურველი პირებისა განადგურება. გერმანელმა ჯალათებმა, ნაწილობრივ ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების დახმარებით, საბჭოთა უკრაინის ტერიტორიაზე ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

  • 1941 წელს 23 600 ადგილობრივი და უნგრელი ებრაელი დახოცეს ქალაქ კამენეც-პოდოლსკში.
  • 15 ათასი ებრაელი მოკლეს ქალაქ ვინიცაში, მათ შორის იყო საერთო საფლავის კიდეზე ჩამომჯდარი კაცი, რომლის გარდაუვალი სიკვდილი ფოტოგრაფმა ასახა და ფოტოზე ხელითაც მიაწერა: „უკანასკნელი ებრაელი ვინიცაში“.
  • 8 ათასი ადამიანი მოკლეს ქალაქ ხმელნიკთან.
  • 7 ათასი - პროსკუროვში (დრევანდელ ხმელნიცკში).
  • 80 ე.წ. ბოშა დახოცეს სოფელ დივოშინში, სოფელ კალინივკას მიდამოებში კი 32.

ლიპოვეცში პირველი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 1941 წლის სექტემბერში მოხდა. გერმანელი პოლიციელების ჯგუფმა დააკავა რამდენიმე ათეული ებრაელი, უმეტესად ბიჭები და სატვირთო მანქანით სოფლის გარეთ, ებრაელების სასაფლაოზე გადაიყვანა. თვითმხილველების ჩანაწერებში, რომელიც 1944 წლის გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი, მოთხრობილია შემდეგ რა მოხდა: ლიპოვეცში გერმანულმა სიკვდილის ჯგუფებმა რეიდი ჩაატარეს, გამოიყვანეს 200 უდანაშაულო მოქალაქე და მხეცურად ამოწყვიტეს“.

გამომძიებლების თვალსაზრისით, ხალხი დახოცა გერმანულმა გასამხედროებულმა სიკვდილის რაზმებმა, რომლებიც ახლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე წესრიგის დასამყარებლად რეგულარულ არმიას უკან მისდევდნენ ხოლმე. „წესრიგის დამყარებაში“ არასასურველი პირებისგან ამ ტერიტორიის „გაწმენდასაც“ იგულისხმებოდა.

ის ებრაელები, ვინც ლიპოვეცში ცოცხლები გადარჩნენ გეტოებში მუშებად გაგზავნეს. ისინი სრულად 1942 წლის აპრილში გაანადგურეს.

ლეონიდ გულკო, რომელიც მაშინ 10 წლის იყო და ახლა 90 წლის არის, იხსენებს, რომ ის სხვა ბავშვებთან ერთად მატარებელში ჩასვეს და კავკასიაში გაუშვეს.

გზაში გვბომბავდნენ, მაგრამ ბავშვები ვიყავით და ვერაფერს მივხვდით“, - უთხრა მან რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს.

მას შემდეგ, რაც 1944 წელს საბჭოთა არმიამ ნაცისტები ლიპოვეციდან განდევნა, ებრალები ზოგ სოფელში ისევ დაბრუნდნენ, დაბრუნდა გულკოც.

როდესაც ბებია და ბაბუა დაბრუნდნენ, სახლი დამწვარი დახვდათ. არაფერი იყო დარჩენილი“, - ამბობს ის.

ისტორიკოსი ანდრეი უსაჩი ახლახან ჩამოყალიბებული ინიციატივის „დუმილის შემდეგ“ წარმომადგენელია. ინიციატივის მიზანი უკრაინის წარსულისა და აწმყოს შესწავლაა. ანდრეი უსაჩი ამბობს, რომ ქალაქის ებრაული ისტორიის მთელი ფენა არის წაშლილი.

ებრაელები აქ მე-17 საუკუნის შუა წლებიდან ცხოვრობდნენ. მათი ნიშა ქალაქისთვის ტრადიციული ვაჭრობის სახეობები იყო. ისინი იყვნენ მეწაღეები, დალაქები, ფოტოგრაფები...

იმ ადგილებში, სადაც ადრე ებრაელები მოსახლეობის 30-50 %-ს შეადგენდნენ, მათი რიცხვი ათეულებამდე შემცირდა.

ნაცისტები ჰოლოკოსტს იმგვარად ატარებდნენ, რომ მთლიანად თემი ზარალდებოდა“, - ამბობს უსაჩი. მისი თქმით, ამაში ბევრი ადგილობრივი უკრაინელი იყო ჩართული, მათ შორის სამთავრობო პირები. ზოგი მათგანი ებრაელებს ეგზეკუციის ადგილებისკენ მიერეკებოდა, ზოგი კი თავად კლავდა, ძარცვავდა, სცემდა ან აუპატიურებდა.

უსაჩის აზრით, ჰოლოკოსტის მეხსიერების შენარჩუნება მხოლოდ ებრაელების საქმე არ არის.

ჰოლოკოსტი ამ ადგილას ფართო თემად იქცა და ის ებრაელების გამოცდილებასაც მოიცავს და არაებრაელებისასაც“, - ამბობს ის.

დაწერილია რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს კორესპონდენტების მარია შურისა და დმიტრო შურხალოს სტატიების მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG