Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე ტურები და პოლიტიკური ჰიპნოზი


თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტურები 64-დან 20 შემთხვევაში გაიმართება.

„ქართული ოცნების“ კონკურენტი 20-დან 17 შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება. ექსპერტებისთვის უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატებს ოპონენტებზე დაბალი მაჩვენებლები ასეთი მასშტაბით აქვთ. ოპოზიცია გამარჯვებაზე ლაპარაკობს. გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნებაც“.

  • რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე?
  • რა შანსი აქვთ ოპოზიციის კანდიდატებს?
  • ცვლის თუ არა ვითარებას სხვა პარტიების მხარდაჭერა და მოწოდებები?

უკვე ცნობილია, რომ 30 ოქტომბერს მეორე ტურები გაიმართება:

  • ხუთივე თვითმმართველ ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი.
  • 59 თვითმმართველი თემიდან - 15-ში: თელავი, თიანეთი, ხაშური, ქარელი, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური.

მეორე ტურებში „ქართულ ოცნებას“ 20-დან 17 შემთხვევაში დაუპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, 1 შემთხვევაში - პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ხოლო 2 შემთხვევაში - მოქმედი მერი (თიანეთში - თამაზ მეჭიაური, „ერთიანი საქართველოსთვის“) და კიდევ ერთგან - დამოუკიდებელი კანდიდატი (ოზურგეთი - კონსტანტინე შარაშენიძე).

რამდენიმე შემთხვევაში ოპოზიციის კანდიდატების მაჩვენებლები აღემატება „ქართული ოცნების“ კანდიდატების მაჩვენებლებს:

  • ქუთაისი - ხატია დეკანოიძე (ენმ) – 43.34%, იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) – 41.45%;
  • ბათუმი - გიორგი კირთაძე(ენმ) – 41.97%, არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) – 41.08%;
  • ზუგდიდი - ანზორ მელია (ენმ) – 46.88%; მამუკა წოწერია („ქართული ოცნება“) – 41.15%.
  • სენაკი - კობა ნაყოფია (ენმ) – 42.35%; ვახტანგ გადელია („ქართული ოცნება“) – 40.25%.
  • წალენჯიხა - გიორგი ხარჩილავა (ენმ) – 39.67%; გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“) – 38.24%.

ყოფილი პოლიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ოპოზიციის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურების საჭიროება 21 შემთხვევაში გამოვლინდა.

თუმცა, მისი თქმით, ამ ტიპის არჩევნებში პირველად ხდება, რომ პირველი ტურის შედეგით, ოპოზიციონერი კანდიდატები უგებენ მმართველ პარტიას.

ცესკოს მონაცემები
ცესკოს მონაცემები

ოპოზიციონერი ლიდერებისა და მხარდამჭერების ყურადღება ახლა ძირითადად პოლიტიკური ცენტრისკენ - თბილისისკენ არის მიმართული, სადაც მეორე ტური კახა კალაძესა (45.04%) და ნიკა მელიას (33.96%) შორის უნდა გაიმართოს.

გამარჯვებისთვის ბრძოლას, როგორც თავად ამბობს, მელია ბოლომდე აპირებს და იმედი აქვს, რომ ცვლილებების საჭიროებაში „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც დააჯერებს.

„ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, დიდხანს ვერ დავიცდით. ამიტომ ყველა ძალის გაერთიანება, სრული მოტივაცია და ბოლომდე დახარჯვა, ბრძოლის ველზე ყველაფრის დადებაა საჭირო. გამარჯვება უნდა მოვუტანოთ ამ ქვეყანას, როცა არჩევნებს დანიშნავენ“, - თქვა მან 4 ოქტომბერს, რუსთავის ციხესთან, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე.

  • იმ პარტიების გარდა, რომლებიც ისედაც უჭერდნენ მხარს („გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“) უკვე ცნობილია, რომ ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერ კანდიდატებს მეორე ტურებში მხარს დაუჭერენ - „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

იმის გარდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ცესკოს შედეგებით, დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ექსპერტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების მაჩვენებლების შეკრება და ენმ-ის მხარდაჭერის ამ ჯამით განსაზღვრა ისედაც უაზრობაა, რადგან არცთუ იშვიათ შემთხვევაში ამომრჩევლები უბრალოდ არ ითვალისწინებენ პარტიის ლიდერების მოწოდებებს.

გახარიას ხმები?

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ (8.86% - თბილისი, 7.79% - საქართველო) ამომრჩევლებს არც „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და არც - ენმ-ის დახმარებას სთხოვს.

„ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი“, - თქვა თავად გახარიამ 4 ოქტომბერს.

ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ, თუკი მივლენ არჩევნებზე, გახარიას პარტიის ამომრჩეველი აუცილებლად „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რადგან „გახარიას ამომრჩეველი ანტიმიშა განწყობისაა“.

საკითხი ასე ცალსახა არ არის ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით.

მისი შეფასებით, სწორად მუშაობის შემთხვევაში, მელიას გახარიას პარტიის ამომრჩეველთა ხმების „ერთჯერადად“ მიმხრობაც შეუძლია.

„გახარიას პარტიის ამომრჩეველი არ არის მიბმული ლიდერის ბრმა მითითებებზე და რეკომენდაციებზე. მათ მოახერხეს ორპოლუსიანი მუდმივი პროპაგანდისტული შტურმის გაძლება, გამოჩნდა, რომ ეს ხალხი პოლიტიკურ ჰიპნოზს ნაკლებად ექვემდებარება და გააზრებულ არჩევანს აკეთებს.

ბატონო, მათ არ მოსწონთ "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აქვთ სერიოზული პროტესტის განცდა "ქართული ოცნების" მიმართ.

უნდა დაარწმუნოს, რომ აუცილებელია, თბილისის მერი იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ებრძოლოს კორუფციასა და ნეპოტიზმს. უნდა დაჰპირდეს ხალხს, რომ გამოავლენს კანონდარღვევის ყველა სქემას და დაარწმუნოს, რომ მიაღწევს დამნაშავეების დასჯას. ეს კითხვები მათ აქვთ და თუკი ვინმე ამ კითხვებზე მოუტანს პასუხებს, სავსებით შესაძლებელია, რომ მას დაუჭირონ მხარი“, - გვითხრა ხუხაშვილმა.

მეორე ტურში გამარჯვებას ხმების უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

ირაკლი მელაშვილის გათვლით, მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გამოჩენისა და დაკავების ფაქტმა სწორედ ენმ-ისკენ უკვე წაიყვანა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი და ახლა მხარდამჭერების რიცხვი ამ პარტიამ თეორიულად შესაძლებელია მხოლოდ იმ ამომრჩევლების (დაახლოებით 48%) ხარჯზე გაიზარდოს, რომლებიც პირველ ტურში საერთოდ არ მისულან კენჭისყრაზე.

აქვს თუ არა შანსი ოპოზიციას, მაშინ, როცა მეორე ტურებში, საქართველოში, ტრადიციულად მმართველი პარტია იმარჯვებს?!

„ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს გამარჯვების შანსი თვითმმართველ ქალაქებში, მაგრამ სხვა საკითხია - როგორ გამოიყენებენ ამ შანსს. შედეგი რესურსზეც არის დამოკიდებული და იმაზეც - შემცირდება თუ გაიზრდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მუხტი და როგორ გამოიყენებს ამას ოპოზიცია“, - გვეუბნება ირაკლი მელაშვილი.

მისი გამოთვლით:

  • „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე გააორმაგა 2017 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ნაჩვენები შედეგი. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ენმ-მა 541 070 ხმა მიიღო.
  • 2 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო თითქმის იმდენივე ხმა, რაც 2017 წელს; მაგრამ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის (51.92%) გამო, პარტიამ პროპორციული სიით, საქართველოს მასშტაბით, შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (46.74%) მიიღო. 2017 წელს ეს მაჩვენებელი - 55.41% იყო.

პარტიის შთამბეჭდავ გამარჯვებაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, „ოცნებამ“ მოიგო „რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც“.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 44 მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. შესაბამისად, ჩვენ გავაუმჯობესებთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგსაც კი, სადაც მაშინ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ მერის არჩევნები“, - თქვა კობახიძემ 4 ოქტომბერს.

ასევე, მისი თქმით, მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66%, ხოლო პარტიის გათვლით, „მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68%-მდე გაიზრდება“.

4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით, არჩევნების მეორე ტურამდე, პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

პარალელურად, როგორც ენმ-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ნიკა მელია აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარუდგინოს კანდიდატები - მერიის სამსახურების ხელმძღვანელ პოსტებზე თუ გამგებლებად, რომლებთან ერთადაც, ის, გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს მუშაობას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG