Accessibility links

site logo site logo

Pandora Papers: ბიძინა ივანიშვილი "სამოთხეში" 12 კომპანიას მალავს


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 1998-2016 წლებში ოფშორულ ზონაში 12 კომპანია  დაარეგისტრირა. ამის შესახებ საუბარია მასალებში, რომლებიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) მოიპოვა. 

ICIJ-ს მონაცემთა ბაზა Pandora Papers (პანდორას დოკუმენტები) ააშკარავებს ინფორმაციას იმ ქონებასა და აქტივებზე, რასაც პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მეფეები, ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ.

არქივის მოცულობაა 3 ტერაბაიტი (3 ათასი გიგაბაიტი). 12 მილიონი ფაილი აერთიანებს ინფორმაციას 300-ზე მეტ ძლევამოსილ ადამიანზე მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან.

„ეს არის მონაცემთა უზარმაზარი ბაზა, სადაც თავს იყრის 14 ოფშორული კომპანიის ფაილები”, - უყვება რადიო თავისუფლებას ნინო ბაქრაძე, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ დამფუძნებელი. იგი კოლეგებთან ერთად, ივანიშვილის შესახებ მოპოვებულ მასალებს უკვე რამდენიმე თვეა სწავლობს და ამბობს, რომ სამუშაოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა.

“სამოთხეში” დამალული კომპანიები

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი თორმეტივე კომპანია ერთ ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

მათ „ქართული ოცნების” დამფუძნებელი 18 წლის განმავლობაში, 1998-2016 წლებში არეგისტრირებდა. ამის გაკეთებაში შუამავალი კომპანია, Alcogal ეხმარებოდა.

„ეს კომპანიები, პრემიერ-მინისტრი როდესაც იყო, მაშინაც ჰქონდა და დეკლარაციაში არ მოუხსენიებია. მათი ზუსტი საქმიანობის შესახებ, სამწუხაროდ, დოკუმენტებში ინფორმაცია არ არის. ვერ ვიგებთ სრულად, რას საქმიანობენ, რა ფინანსური მდგომარეობა აქვთ… არც ივანიშვილმა უპასუხა ამ კითხვებს, როცა ერთობლივი წერილი მივწერეთ”, - ამბობს ნინო ბაქრაძე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, დაარეგისტრიროს ქონებრივ დეკლარაციაში ის კომპანიები, რომელთა წილებსაც ფლობს.

დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთი კომპანია, Silverpot Holdings Ltd ივანიშვილმა იმისთვის დააფუძნა, რომ „საბროკერო ანგარიშის მეშვეობით, საჯაროდ აღნუსხული კომპანიები” გაეკონტროლებინა. კიდევ ერთის, Brighton Corporate Ltd-ის მიზანია, „ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დააფინანსოს” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის „გარკვეული პროექტები”.

ჟურნალისტების ინფორმაციით, 2011 წელს ვირჯინის კუნძულების ფინანსური მარეგულირებელი დაინტერესდა კომპანია Finseck-ით, რომელიც ივანიშვილისთვის Alcogal-მა დაარეგისტრირა. Alcogal-ის წარმომადგენლებმა მაშინ განმარტეს, რომ კომპანია დაკავშირებულია ბიზნესმენის ერთ-ერთ ფონდთან. ფონდი კი „შვილების კეთილდღეობისთვისაა” შექმნილი.

ვირჯინის კუნძულები ე.წ. ოფშორულ ზონას განეკუთვნება. ამ ტიპის ქვეყნებს ასევე „საგადასახადო სამოთხეს” უწოდებენ.

რატომ იყენებენ მათ? „ოფშორული ზონები არის კარგი გზა იმისთვის, რომ ერთი - დაზოგონ ფინანსები და გადაიხადონ ნაკლები გადასახადები, და მეორე - იმისთვის, რომ შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა”, - გვეუბნება ნინო ბაქრაძე.

პანდორამდე იყო პანამა

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ICIJ ძალაუფლების მქონე ადამიანების საიდუმლო კომპანიებზე ავრცელებს ინფორმაციას. 2016 წელს “Panama Papers”-ში (პანამის საბუთებში) ჟურნალისტებმა თავი მოუყარეს ინფორმაციას 72 ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ქონების შესახებ. მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც.

ნინო ბაქრაძე, რომელიც მუშაობდა ასევე „პანამის საბუთებზეც”, ამბობს, რომ ის მონაცემები „უფრო გულუხვი” იყო.

მაშინ ჟურნალისტები წერდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს დეკლარაციაში არ შეიყვანა კიდევ ერთი კომპანია, Lynden Management Ltd. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ფლობდა ბიზნესმენი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Raptor Pharmaceuticals-ის 1 200 000 აქციას.

„პანამის საბუთებში” ასევე მითითებული იყო, რომ 2011 წელს ვირჯინის კუნძულების ფინანსურმა საგამოძიებო სამსახურმა Lynden Managment-ს მოსთხოვა, სარგებლის მნახველი მესაკუთრის პასპორტის ასლი წარედგინა. ივანიშვილის საბუთის მიღება მათ მხოლოდ ოთხ წელიწადში მოახერხეს.

***

„პანდორას საბუთებში” ივანიშვილის გარდა მოხვდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ყოფილი და მოქმედი ლიდერები. მათ შორის, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი გარემოცვა. გარდა ამისა, საბუთებიდან ვიგებთ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების ოფშორულ კომპანიებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG