Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო ხვიჩია: გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ქართველ ხალხზე!


„მოგილოცავთ ამ შესანიშნავ გამარჯვებას ორ გამარჯვებულ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და გილოცავთ იმას, რომ ამჯერად იმუშავა თქვენმა ტრიუკმა, რომელმაც აგერ მერვე არჩევნები მოგაგებინათ“, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ 5 ოქტომბერს, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი რწმენით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიყვანა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით და საქართველოს მოსახლეობას „თვალწინ აუფრიალა“.

„ამ ურთიერთშეთანხმებით თქვენ წაიღეთ არჩევნები. ახლა კი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნით ზის ციხეში და მერე, მას ან უკრაინაში გაადეპორტებთ, ან სადმე სხვაგან. ამ ტრიუკმა ამჯერად იმუშავა, მინდა, რომ მოგილოცოთ, მაგრამ გირჩევთ, რომ უკვე სარისკოა ამ ტრიუკის გამოყენება, დაანებეთ მიხეილ სააკაშვილს თავი, მომავალში, კაცმა არ იცის, დაგიჯერებენ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენ გებრძვით“.

იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, იფიქროს 2012 წლის დაპირების შესრულებაზე, რომელიც ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ და აღარ იქნებოდა „აქტუალური პოლიტიკური ძალა“.

იაგო ხვიჩიას სიტყვებით, დღეს ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში ჰყავდეს ეს „გენიალური დუეტი“ - „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მორაობის“ სახით და უყუროს ამ „მრავალფეროვნებას“.

„მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ქართველ ხალხზე“, - ასე დაასრულა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG