Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" "ემოციური ფონის" გამო მარტვილის ერთ-ერთი უბნის ბიულეტენების გადათვლას ითხოვს


"ქართული ოცნება" მარტვილის პირველი ოლქის პირველივე უბნის ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ "ემოციური ფონის" გამო მთვლელებმა შესაძლოა შეცდომა დაუშვეს. ამ ოლქში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი ხორავამ გაიმარჯვა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი კი პირველივე ტურში დამარცხდა.

მმართველ პარტიას საჩივარი უკვე დაწერილი აქვს. ინფორმაცია ამ საკითხზე მედიას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა მიაწოდა.

"ხმის დათვლის დროს ნერვული ფონის გამო მთვლელები უშვებდნენ შეცდომასო. ეს მაშინ, როცა ხმის დათვლის დროს რაიმე ტიპის საჩივარი არ დაფიქსირებულა. "ქართული ოცნების" მოთხოვნა აბსურდულია. თუ ეს საჩივარი დაკმაყოფილდა ოლქის მხრიდან, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნათელი მაგალითი. ჩვენ ამ ფაქტს მივყვებით ბოლომდე", - განაცხადა "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ.

მარტვილში "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, დავით სურმავამ დაადასტურა, რომ ნამდვილად მოითხოვეს შედეგების გადათვლა. მისი თქმით, არასწორია ამ საკითხზე იმ ქვეტექსტით ლაპარაკი, რომ ისინი გაყალბებაზე საუბრობენ.

"პარტიამ კომპეტენტური ადამიანებისგან მიიღო ინფორმაცია უბანზე ემოციურ ფონთან დაკავშირებით, რომ იყო შიგნით დაძაბულობა და ა.შ. ეს ყველა არჩევნებზეა და ეს ლოგიკურია, რომ შეიძლება იყოს. ამის ფონზე პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება", - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით სურმავამ.

მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე დარეგისტრირდა. მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პეტრე მანტუას სიტყვებით, მოხდება გარემოებების მოკვლევა, შესაბამისად მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას, დაითვალოს თუ არა #1 ოლქის კენჭისყრის შედეგები.

"ეს არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ვინმეს უბნის გახსნა უნდოდეს და კომისიამ გახსნას. ეს არის კომისიური გადაწყვეტილება, სადაც კომისიის თითოეული წევრი აფიქსირებს თავის ხმას, გაიხსნას უბანი თუ არა. თუ გამოიკვეთება ისეთი გარემოება, დარღვევა, კი ბატონო [გაიხსნება]", - განაცხადა მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარტვილის #1 საარჩევნო ოლქში გიორგი ხორავას ამომრჩეველთა ხმების 42,1% აქვს. „ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ბარამიას კი - ხმათა 36,54%. მარტვილი იმ მუნიციპალიტეტებს შორის არის, სადაც მერის არჩევა მოქალაქეებს სავარაუდოდ მეორე ტურში მოუწევთ. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ტურია მოსალოდნელი მუნიციპალიტეტის 12 მაჟორიტარული ოლქიდან სამში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG