Accessibility links

site logo site logo

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო მანევრებს მართავენ


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოზე ასახულია "ურყევი ძმობა 2021"-ის - აზერბაიჯანულ-თურქული შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნის მომენტი. 2021 წლის 5 ოქტომბერი

თურქეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო მანევრები, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში დაახლოების კიდევ ერთი ნიშანია სომხური ძალების წინააღმდეგ შარშან აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირების შედეგად.

მანევრები სახელწოდებით „ურყევი ძმობა 2021“ 5-დან 8 ოქტომბრამდე ეწყობა ბაქოსა და თეირანს შორის აზერბაიჯანის საზღვართან ირანის მიერ დაწყებული იშვიათი სამხედრო წვრთნების გამო დაძაბულობის ფონზე.

აზერბაიჯანსა და ირანს დიდი ხანია უთანხმოება აქვთ თეირანის მხრიდან სომხეთის მხარდაჭერის გამო, მაგრამ ჩვეულებრივ მეგობრულმა კავშირმა გაუარესება დაიწყო სამხედრო სწავლების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანმა გამართა პაკისტანსა და თურქეთთან ერთად სექტემბერში.

ორ მეზობელს შორის დაპირისპირებას ასევე ასაზრდოებს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის გავლით ირანის სატვირთო მანქანების მძღოლების გატარების შეზღუდვა და ბაქოს კავშირები ირანის მოსისხლე მტერ ისრაელთან.

ნატოს წევრი თურქეთი მხარს უჭერდა აზერბაიჯანს სომხურ ძალებთან ომში მთიანი ყარაბაღის გარშემო.

ომი დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ 9 ნოემბერს. ორ მონათესავე ხალხს, მოკავშირეებს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ომის შემდეგ გაძლიერდა სამხედრო კავშირები.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სწავლება აზერბაიჯანის ავტონომიურ რეგიონ ნახიჩევანში მიმდინარეობს, რომელიც თურქეთს, სომხეთსა და ირანს შორის არის მოქცეული. მანევრებში მონაწილეობენ მექანიზებული, საკომანდოსო და საჰაერო ძალები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

წვრთნის ფონია რუსეთის შუამავლობით ერევანსა და ბაქოს შორის მიმდინარე დიპლომატია და, ასევე, შესაძლებელი ურთიერთობის ნორმალიზება სომხეთსა და თურქეთს შორის უფრო ფართო რეგიონული - სამშვიდობო მცდელობის ჩარჩოებში, რომელშიც ირანი თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG