Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლანა გალდავა: გაიხსნას უბნები და ხელახლა დავითვალოთ შედეგები


ლანა გალდავა, "ლელო საქართველოსთვის" წევრი
ლანა გალდავა, "ლელო საქართველოსთვის" წევრი

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, თბილისის, ისნის მაჟორიტარი კანდიდატი ლანა გალდავა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგების შეფასებისას ამბობს, რომ არჩევნებმა დემოკრატიულობის ტესტი ვერ ჩააბარა და ბიულეტენების დისბალანსის გამო, საჭიროა ხმების ხელახალი გადათვლა.

„მე, პირველ რიგში როგორც იურისტი, ვითხოვ შედეგებს სამართლებრივად გამართულს. მე დავიცავ ყველა იმ ხმას, რომელიც ჩემს მხარდამჭერებს მოპარეს“, - განაცხადა ლანა გალდავამ „დილის საუბრებში“. უშუალოდ მეტობის ბიულეტენებზე საუბრისას მან თქვა, რომ მეტობა მის საარჩევნო ოლქში, ისანში, არის არა 1,2 ან 3, არამედ გაცილებით მეტი:

„26-ე უბანზე, წარმოიდგინეთ, გაყალბების მასშტაბი არის 70 ბიულეტენი მეტობით. ეს 70 ხმა კი არ არის, ეს არის ასობით ხმა, რომელიც დაატრიალა ამ კარუსელმა. ამიტომ, როგორც იურისტი პირველ რიგში, და ვარ სამართლის დოქტორი, მათგან განსხვავებით, რომლებიც საერთოდც ოროსნები არიან, როგორც საარჩევნო სამართალში, ისე ყველა მიმართულებით, მოვითხოვ, იმისათვის, რომ დავამტკიცოთ სიმართლე, გაიხსნას უბნები და დავითვალოთ შედეგები. გაიხსნას თუნდაც ის უბნები, სადაც არის ამდენი მეტობა და მეტობა არის პირდაპირ დამამტკიცებელი იმისა, რომ გაყალბდა არჩევნები...ათობით ხმაზე ამბობენ, რომ მექანიკური, ტექნიკური შეცდომაა და რომ ვკითხე, რა იყო ეს მექანიკური შეცდომა, 12 ხმა შემთხვევით ჩაწერეს თურმე იქ, სადაც 87 უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა ლანა გალდავამ. მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლა არჩევნების შედეგების დასაცავად სასამართლოშიც გაგრძელდება, მაგრამ შედეგის პროგნოზირება წინასწარაც შეიძლება:

„მიტაცებულ სასამართლოში რა შედეგი შეიძლება დადგეს, როდესაც შარშანდელი მაგალითი მაქვს. საჩივრებს ან არ იღებდნენ, ან პირდაპირ ჩაინიშნებოდა სხდომა და არ აკმაყოფილებდნენ. რა დარჩენია ქართველ ხალხს გარდა იმისა, რომ დავორგანიზდეთ მეორე ტურებზე და ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და ვაჩვენოთ ის, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები არიან ერთად. გამოსავალი არის ეს და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება“, - აღნიშნა ლანა გალდავამ „დილის საუბრებში“.

თბილისის, ისნის საოლქო კომისიის სხდომამ 6 ოქტომბერს ხმაურისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა აქციის ფონზე ჩაიარა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საჩივრების დიდი ნაწილი უსაფუძვლო იყო. მისი თქმით, მე-16 და 26-ე უბნებზე ზუსტი ბალანსია და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ არსებობს. მისივე განმარტებით, მე-16 საარჩევნო უბანზე გადაითვალა ხელმოწერები, ხოლო 26-ე საარჩევნო უბანზე - კონკრეტული სუბიექტის ხმები.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. 2,71%- ია "ლელო საქართველოსთვის" შედეგი. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლება კიდევ ხუთზე მეტ პარტიას. კონკრეტულად დედაქალაქში, პროპორციული წესით "ლელომ" ხმების 3,63% მოიპოვა და საკრებულოში 2 წევრი გაიყვანა. რაც შეეხება თავად ლანა გალდავას, ისნის ოლქის მაჟორიტარობისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის მან 7,55% დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG